ჯანდაცვა
„აცერი და დაიცავი“ - იმუნიზაციის კვირეული გურჯაანში
იმუნიზაციის კვირეულს კახეთიც შეუერთდა. როგორც გურჯაანის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განაცხადეს, მისი მიზანია ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა.
„საქართველოში, ისევე როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ბოლო 10 წელია, აპრილის თვეში ტარდება იმუნიზაციის კვირეული - „აცერი და დაიცავი“ . ეს არის კამპანია, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს მშობლებს, მედპერსონალს და საზოგადოებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს აცრებს მედიცინაში. არც ერთ მკურნალობას ისეთი დიდი შედეგი არ მოაქვს, როგორც წინასწარ პროფილაქტიკურ გეგმიურ აცრას. ის ბავშვებს მთელი რიგი ინფექციური დაავადებებისგან იცავს. წელს იმუნიზაციის კვირეული კონკრეტულად წითელა-წითურას ელიმინაციის შესახებ ინფორმირებას მოიცავს.“-აღნიშნა ჯანდაცვის იმუნიზაციის ექიმმა ნონა შანიძემ, რომელიც კვირეულის ფარგლებში აცრებს თავადაც დაესწრო.

"მშობლების მხრიდან აქტიურობა იგრძნობა. გვქონდა ერთეული შემთხვევები, როდესაც ოჯახში რამდენიმე ბავშვი იზრდება, მაგრამ რელიგიური შეხედულებების გამო, ოჯახი მათ აცრაზე უარს აცხადებს. ჩვენი მოვალეობაა მათ კიდევ ერთხელ ავუხსნათ აცრების აუცილებლობა. "-აღნიშნა მან.

მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული 30 აპრილს დასრულდება. საქართველო ამ პროცესს 2007 წლიდან შეუერთდა.

| Print |
FaceBook Twitter Google