ჯანდაცვა
ძუძუს კიბოს მკურნალობა რეგიონის მოსახლეობასაც დაუფინანსდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრეპარატ "ჰერცეპტინით" ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს. რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს მიმდინარე თვის განმავლობაში, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამ დროისთვის, მედიკამენტ "ჰერცეპტინით" მკურნალობის ერთწლიანი კურსი დაახლოებით 50.000 ლარს შეადგენს, პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი ბენეფიციართა მხრიდან დანახარჯი 7.000 ლარამდე შემცირდება. დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებითვის დამატებითი შეღავათები განხორციელდება. დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო, საქართველოში მედიკამენტ "ჰერცეპტინით" პაციენტების მხოლოდ 5-10% მკურნალობს. პროგრამის მეშვეობით კი ისინი 20%-იანი თანაგადახდით ძუძუს კიბოს მკურნალობას ადრეულ სტადიაზევე შეძლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ონკოლოგიურ პაციენტ ქალებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყველა ბენეფიციარი პრეპარატ "ჰერცეპტინს" რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებს. ამისთვის პაციენტებმა მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100), მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა, სოციალურ კატეგორიას მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ასევე გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული  რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე დასკვნები უნდა წარადგინონ.



| Print |
FaceBook Twitter Google