ჯანდაცვა
ონკოლოგიური პაციენტებისთვის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი გაიხსნება
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ახალი კორპუსი აშენდება. იქ ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი განთავსდება. კორპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი ორი გამა-კამერით, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიით, სხივური თერაპიის კიდევ ერთი ბოლო თაობის ამაჩქარებლითა და ბრაქითერაპიის აპარატით აღიჭურვება. ასეთი სიმძლავრის ტექნიკის კონცენტრაცია საქართველოში პირველი იქნება.
ადგილზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მან კლინიკის მენეჯმენტს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციის გაკეთებისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობელი ვარ, რომ ასეთ წარმატებულ ინვესტიციას ახორციელებენ, მენეჯმენტი გამორჩეულია, თუმცა ცალსახად, საყოველთაო ჯანდაცვამ მეტი შესაძლებლობა მისცა მათ ამ პროექტის განხორციელებისთვის"-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ახალი ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი 2016 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. მისი მეშვეობით, ონკოლოგიური პაციენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას საქართველოში მიიღებენ და ამისათვის საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდებათ.







| Print |
FaceBook Twitter Google