3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების
მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით,
მინიმუმ ცხრა კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს,
შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული
დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას: ტურიზმის, მშენებლობის,
ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების,
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
მსურველებს, შეუძლიათ აირჩიონ დუალური ანუ, სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის, მშენებლობის
ტურიზმისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებით. სწავლების
პროცესში ჩართულია 40 -მდე კერძო კომპანია.
უწყების ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღებისათვის ასაკობრივი
ზედა ზღვარი დაწესებული არ არის. რეგისტრაციის გავლა, პირადობის
მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ
საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ)
რეგისტრაციის რეჟიმიც vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია
შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა
საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების
ადგილისა და თარიღის შესახებ.
წელს პირველად, დუალურ პროგრამები ხელმისაწვდომი ხდება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც ისევე, როგორც წინა წლებში,
მიმდინარე საშემოდგომო მიღებაზეც, ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის
გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა
ექნებათ ტესტირება გაიარონ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე.
ჩარიცხვის შემდეგ ისინი გაივლიან ქართული ენის შემსწავლელ მოდულს.
მასალის გამოყენების პირობები