განათლება
თელავის უნივერსიტეტში "ოდეერია"?
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილის თქმით, რექტორმა ირმა შიოშვილმა თავის კაბინეტში მონიტორი დაამონტაჟა, რისი მეშვეობითაც თანამშრომლებზე კონტროლს პირადად ახორციელებს.
მათი მტკიცებით, უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტიც არსებობს.

აღნიშნულ თემაზე speqtri.ge-ს რამდენიმე მათგანი ესაუბრა, თუმცა ვინაობის გამხელისაგან ზოგიერთმა თავი შეიკავა.

ამ თემაზე ღიად საუბრობს ადმინისტრაციის ხელმძრვანელის აპარატის გათავისუფლებული თანამშრომელი ლელა აბრამიშვილი. „მონიტორი მხოლოდ დაცვის სამსახურის ჯიხურში იდგა პირველ სართულზე. როგორც კი ირმა რექტორი გახდა, მაშინვე აიტის სამსახურის სპეციალისტები: არჩილ ღაღანიძე და ფარნა ალექსიშვილი დაასაქმა იმით, რომ მონიტორი დაემონტაჟებინათ მის კაბინეტში. ამისთვის 3-4 დღე დასჭირდათ. მონიტორი დაცვასთანაც დარჩა და თავის ოთახშიც მოიწყო. ეს არ არის სტუდენტების საყურებლად განკუთვნილი, მხოლოდ იმ ძალების გასაკონტროლებლადაა, ვინც მას თვალში არ მოსდის, ვინც მისი მონა არ არის. ნამდვილად, დადასტურებით ვამბობ, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტიც არსებობს, ეს დიდხანს გაგრძელდება, რადგან თავად რექტორია „ოდეერი“. მინდა აღვნიშნო, რომ თესაუ-ში რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს უშიშროების სამსახური პირადად აკონტროლებს.“

ყოფილი რექტორის ავთანდილ ღელაღუტაშვილის მტკიცებით ე.წ. "ოდეერის“ ინსტიტუტი უნივერსიტეტში ნამდვილად არსებობს.

"როდესაც პროფესორი გელა ყიფიანი რექტორის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, მან ღიად განაცხადა, რომ ღამის სამ საათზე, უშიშროების ორმა თანამშრომელმა ირმა შიოშვილის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. ანალოგიურად მოხდა თთქმის ყველა კანდიდატთან მიმართებით. აქტიურად იყო ჩარეული უშიშროება. ჩემთან მათ პირადი კონტაქტი არ ჰქონიათ, თუმცა ირმას ოჯახის მეგობრიდან და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიდან იყო ზარი, რომ კანდიდატურა მომეხსნა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკა, ეს უნივერისტეტის პოლიტიკაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ირმა შიოშვილის ძმა წლების წინ უშიშროების თანამშრომელი იყო. ერთხელ შეხვედრა მქონდა ირაკლი შიოლაშვილთან, რაღაც საკითხებს განვიხილავდით. მან პირდაპირ მითხრა, ავთო, სანამ შენთან შემოიტანენ ამბავს, მინიმუმ 15 ადამიანისგან ვიცი ეს საკითხიო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირდაპირ აქვს ინფორმაცია რა ხდება უნივერსიტეტში და აქტიურად არიან ჩართულები საკადრო პოლიტიკაშიც. უშიშროება მართავს პროცესებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ირმაც მათგან შექმნილი რექტორია. ამის შემდეგ, არც კი გამოვირცხავ, რომ რექტორი პირადად აკონტროლებს მონიტორს.“

რექტორი ირმა შიოშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
„უნივერსიტეტში ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს და ამას ახორციელებს დაცვის სამსახური. ასეთი მონიტორი და თვალთვალის საშუალება აქვს დაცვას, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემს კაბინეტში ჩვეულებრივი სამუშაო კომპიუტერია. რაც შეეხება „ოდეერს“, არანაირი „ოდეერი“ არ არსებობს უნივერსიტეტში, ვინც ამას ამბობს, ეს მათი ფანტაზიის ნაყოფია.“

უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი (პიარის სამსახური) თაკო ხოტენაშვილი ამბობს, რომ ლეპტოპის გარდა, მან პირადად ნახა მონიტორი რექტორის სამუშაო მაგიდაზე, რომელსაც კლავიატურა არ აქვს. თუმცა, ვერ აკონკრეტებს, რისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინა რექტორს აღნიშნული მოწყობილობა.
| Print |
FaceBook Twitter Google