განათლება
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლისთვის აბიტურიენტების ქცევის წესებში ცვლილება და დაზუსტებები შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჯერ კიდევ 2015 წლის გამოცდების მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტების საფუძველზე მიიღო.

გთავაზობთ აბიტურიენტის მიერ გამოცდის მიმდინარეობისას გასათვალისწინებელი წესების განახებულ ნუსხას:
• აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ –
რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
• რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო); აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
• აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით) და პირადი ჰიგიენის ნივთებისა;
• აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან შემდეგი მიზეზებით:
• ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. "შპარგალკის", მობილური ტელეფონის, აიპადის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
• წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
• ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებელი აბიტურიენტებს გააცნობს წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში.
ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
• დაზიანებულია;
• აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
• პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
• პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
• გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
• ერთმანეთის დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
• ჩამოთვლილი წესების დარღვევისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
მკაცრად შეიზღუდება საგამოცდო პროცესის დროს სექტორის დატოვება ნებისმიერი,მათ შორის, საპირფარეშოში გასვლის მიზნით – აუცილებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი სექტორს დატოვებს მხოლოდ ექიმისა და საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწის თანხლებით.
დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც აქვთ სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები;
თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, ხელის აწევით მიმართავთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ პასუხების ფურცელს. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ
საგამოცდო სექტორს. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში;
აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.
თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ დაირღვა საგამოცდო პროცედურით დადგენილი წესი, მას უფლება აქვს იმავე დღის 21:00 საათამდე შეიტანოს განცხადება იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ჩააბარა კონკრეტული გამოცდა.



| Print |
FaceBook Twitter Google