საზოგადოება
სწავლით ცოდნა გადადის, შიდსი-არა!
"აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1. განცხადება (ივსება ადგილზე); 2. ატესტატი და დანართი (დედანი); 3. სამედიცინო ცნობა (ფ. #100); 4. ცნობა შიდსის ინფექციის არ არსებობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); 6. საზღვარგარეთის პასპორტი (ასლი); 7. დაბადების მოწმობის ასლი; 8. 10 ფოტოსურათი 3X4-ზე დისკით."-ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სარეკლამო განცხადებიდან. ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია, თუმცა ყურადღებას იქცევს პუნქტი #4-"ცნობა შიდსის ინფექციის არარსებობის შესახებ." აივ ინფექცია/შიდსი არ გადადის საყოფაცხოვრებო კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით, საუბრით, საერთო ჭურჭლის, აბაზანის, თეთრეულის და სხვა ნივთების გამოყენებით. დაავადება ასევე არ ვრცელდება მწერის ან ცხოველის კბენის შედეგად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის (მწერი ან ცხოველი) უკბენს ინფიცირებულს და შემდეგ ჯანმრთელ ადამიანს. აივ ინფექცია/შიდსი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით, ნარკოტოკების მომხმარებლების მიერ საერთო შპრიცის ან ნემსის გამოყენებით, შეუმოწმებელი აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით,-ეს ზოგადი ინფორმაცია. საქართველოს კანონმდებლობით კი, კერძოდ, საქართველოს კანონის "აივ ინფექცია/შიდსის შესახებ," მე-6, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების თანახმად, საქართველოში აივ-ტესტირება ნებაყოფლობითი, ანონიმური და კონფიდენციალურია. საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონის" კახეთის ფილიალის ხელმძღვანელ დავით ღონღაძის განცხადებით, ინფორმაციის მოთხოვნა ადამიანის აივ-სტატუსის (ინფიცირებულობა-არაინფიცირებულობის) შესახებ კანონდარღვევაა. - "აივინფიცირებული ადამიანები კანონით არიან დაცული ყოფითი, შრომითი და სხვა სახის დისკრიმინაციისგან. ადამიანი ვალდებულია მხოლოდ მეუღლეს/სქესობრივ პატრნიორს აცნობოს საკუთარი აივინფიცირების შესახებ (მე-11 მუხლი)."-გვითხრა დავით ღონღაძემ და აქვე განმარტა: - "ამასთან ერთად არსებობს, იმ პროფესიულ საქმიანობათა ნუსხა, სადაც მაღალია დაავადებულ პირთან კონტაქტში მყოფი ადამიანის დაინფიცირების რისკი. ა) "საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში მონაწილეობა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა (სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობა); ბ) "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობა; გ) საქმიანობა საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობის დაცვის სფეროში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში, რაც მოიცავს საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისა და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნების ღონისძიებებში უშუალო მონაწილეობას; დ) ქირურგიული საქმიანობები საველე პირობებში; ე) სპორტის კონტაქტური საბრძოლო ხელოვნების სახეობებში მონაწილეობა (კრივი, ბრძოლა წესების გარეშე, სამბო და სპორტის სხვა ანალოგიური სახეობები). ყველა სხვა შემთხვევში ინფორმაციის მოთხოვნა ადამიანის აივ-სტატუსის (ინფიცირებულობა-არაინფიცირებულობის) შესახებ კანონდარღვევა, ან კანონთან შეუსაბამობაა,"-აღნიშნა "ბემონის" კახეთის ფილიალის ხელმძღვანელმა დავით ღონღაძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ აღნიშნული ფაქტი დისკრიმინაციად შეაფასა. - "ეს დისკრიმინაციაა. აივ/შიდსის სტატუსის გამო, ადამიანს უარს ეუბნებიან განათლების მიღებაზე. ამავდროლად ეს არის აივ/შიდსის შესახებ, საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა. კანონში წერია, რომ არ შეიძლება ადამიანს შეუზღუდო სოციალური უფლებები და განათლების უფლება არის სოციალური უფლება."-გვითხრა მან. გაზეთი "სპექტრი" შეგნებულად იკავებს თავს დაასახელოს სასწავლებელი, თუმცა დავინტერესდით, მათგან მიგვეღო პასუხი რატომ ითხოვდნენ ცნობას "შიდსის არ არსებობის შესახებ." სასწავლებლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა სატელეფონო კომენტარში განაცხადა: "საერთოდ აბიტურიენტების მისაღებად დოკუმენტების ნუსხა უკრაინიდან გვეგზავნება. ერთ-ერთი მოთხოვნა არის ცნობა შიდსის არ არსებობის შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრს (თბილისს)"-გვითხრა მან. თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ ეს პირობა განაცხადიდან ამოღებულია. - "მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ აბიტურიენტმა წარმოადგინოს ცნობა შიდსის არ არსებობის შესახებ, ამოღებულია. ამ დოკუმენტს მიმღები კომისია აღარ მოითხოვს. ზუსტად ახლა, თქვენ რომ გესაუბრეთ, თბილისიდან დარეკეს და გვითხრეს ეს საბუთი აღარ არის აუცილებელი და წაშალეთო." საქართველოს პარლამენტმა კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" 2 მაისს მესამე (საბოლოო) მოსმენით, 104 ხმით (რედაქტირებული ფორმით, თუმცა მაინც) ერთის წინააღმდეგ მიიღო. მისი მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ადამიანისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების მიუხედავად. და ბოლოს, "საუბრით ინფორმაცია გადადის-შიდსი არა! ჩახუტებით სითბო გადადის–შიდსი არა! ხელის ჩამორთმევით ნაცნობობა გადადის-შიდსი არა! კოცნით სიყვარული გადადის-შიდსი არა!.." ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google