ზურაბ დანელიშვილი სიხისტესა და სირბილეს შორის არჩევანს სიხისტეზე აკეთებს
"სპექტრი" ერთგულ მკითხველს ახალ რუბრიკას სთავაზობს.
თითოეულ ნომერში საშუალება გექნებათ წაიკითხოთ ინტერვიუ იმ
ადამიანებთან, რომლებიც რაიონულ დონეზე პოლიტიკურ, თუ აპოლიტიკურ
ამინდს ქმნიან. ადამიანებზე, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და
მუნიციპალიტეტის მართვაში გარკვეულ როლს თამაშობენ. შევეცდებით ისინი
საზოგადოებას სხვა კუთხით გავაცნოთ. რუბრიკის პირველი სტუმარი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის
შემსრულებელი ზურაბ დანელიშვილია.
-ფიქრობთ, რომ ზურაბ დანელიშვილი ამ ეტაპზე იქ არის, სადაც
უნდა იყოს, ანუ თქვენთვის მისაღები პოზიცია გიკავიათ?
-ამჟამად რა თანამდებობაზეც ვიმყოფები, ჩემთვის სრულიად
დამაკმაყოფილებელია. დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. შემიძლია უფრო
მეტი, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის პრეტენზია არ მაქვს.
-ხომ არ აპირებთ განაცხადი შეავსოთ გამგებლის ვაკანტურ
თანამდებობაზე?
-ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ. სწორედ იმ
წინა კითხვის პოზიციიდან გამომდინარე.
-ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, დღეის მდგომარეობით გამგეობაში
ბევრი არაკვალიფიციური კადრია?
-საქმე იმაშია, რომ გამგეობის თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი ძველი
ხელისუფლების დროსაა დანიშნული. მე არ ჩავეძიები რა პირობებში, როგორ
დაინიშნენ. ფაქტია, რომ როდესაც ჩვენ მოვედით კადრები ბევრგან
შეიცვალა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად-გამგეობაში. შესაბამისად,
გამგეობაში 90% ძველი თანამშრომლებია. მათ ნაწილს ნამდვილად კარგი
კვცალიფიკაცია გააჩნია. შეუძლებელია ვთქვათ, რომ ერთნაირად ძალიან
კარგი კადრი გვყავს, ან ძალიან ცუდი. ეს ყველა დაწესებულებაში ასეა და
ასე იქნება ყოველთვის, მაგრამ ხელმძღვანელობამ გაუმჯობესებაზე უნდა
იფიქროს. კანონშიც ამიტომაა ჩადებული საჯარო მოხელეების კონკურსის
წესით დანიშვნა.
-ამბობენ, რომ ხისტი ადამიანი ხართ, ეთანხმებით ამ
შეხედულებას?
-არ მოგატყუებთ, ნამდვილად ასეა. ზოგს უფრო მკაცრადაც კი უთქვამს
ძალიან ჯიუტი ხარო. როდესაც ვთვლი, რომ რაღაც არის სწორი, აზრი
ბოლომდე უნდა დავიცვა. ამ დაცვაში ჩემი ეს პოზიცია შეიძლება ვინმეს
სიხისტედაც მოეჩვენოს. ამ სიტყვას ქართულ ენაში აქვს ანტონიმი. ე.ი
რბილი. გამოდის, რომ თუ არ უნდა ვიყო ხისტი და თუ ცუდია სიხისტე,
მაშინ რბილი უნდა ვიყო. მაგრამ თუკი ადამიანზე იტყვიან რბილი
პოლიტიკოსია, ანდა რბილი საჯარო მოხელე, ეგეც ნაკლად აღიქმება. ამიტომ
მირჩევია ხისტი ვიყო.
-როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენს მეუღლეს (ქალბატონ მარინას)
სურდა გაზეთ "გურჯაანის" რედაქტორობა, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში ხელი
თქვენ შეუშალეთ. თუ ეს სიმართლეა, რატომ არ მიეცით ამის
საშუალება?
-როდესაც ამ საკითხზე იყო საუბარი, ჩემი უარყოფითი პოზიცია
დავაფიქსირე, როგორც გამგებლის მოადგილემ. ეს სხვებმა შემომთავაზეს,
მე თავად კი არ დამიყენებია საკითხი, მაგრამ როგორც საჯარო მოხელემ,
ვთქვი, რომ ამჟამად ეგ გამორიცხულია.იმის მიუხედავად, რომ ბევრი და
მათ შორის მეც, ვთვლი, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია მუშაობს ამ გაზეთში
და აქვს ისეთი გამოცდილება, რომ ალბათ იმსახურებს კიდეც ამ
თანამდებობას, ამ ეტაპზე სწორი არ იქნებოდა. როდესაც საჯარო მოხელე
ხარ, გიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეიძლება
პიროვნულად შენთვის საზიანო იყოს.
-გიყვართ ცხოველები, კატები?
-დიახ მიყვარს, კატებიც, ძაღლებიც. ამ კითხვაზე ცოტა სხვანაირად
გიპასუხებთ. ძალიან ბევრი ამბობს, ადამიანის უფლებების დამცველი ვარო.
ბაჩო ახალიაც, გიგა ბოკერიაც ადამიანის უფლებების დამცველები იყვნენ
თავის დროზე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ უფლებების დაცვა პროფესია არაა.
ეს სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული. ადამიანს შინაგანად უნდა
ჰქონდეს სხვისი უფლებების დაცვის სურვილი. ადამიანის სულში უამრავი
სისასტიკეა, მთავარია, როგორ გადალახავს ამას. რაც მეტად გადალახავს,
მით უფრო ადამიანური გახდება. დაუცველ არსებებსაც სიყვარულით უნდა
მოექცეს კაცი. მათ კიდევ მეტად სჭირდებათ დაცვა, რადგან
წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.
-ზურაბ დანელიშვილი უფრო კარგი პოლიტიკოსია, თუ საჯარო
მოხელე?
-არჩევნებამდე პოლიტიკაში ვიყავი. არჩევების შემდეგ საჯარო მოხელე
ვარ. ამ ორ ცნებას შორის მიმართება ერთი და იგივეა. თუ პოლიტიკაში
ხარ, თავისთავად იგულისხმება, იბრძვი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში
მოხვიდე. როდესაც თანამდებობაზე ხარ, უნდა იფიქრო, რომ ადრე თუ გვიან
ამ პოსტს დატოვებ და ალბათ ისევ პოლიტიკაში წახვალ. ნორმალურ
ქვეყანაში ასე ხდება. ახლაც კი, როდესაც საჯარო მოხელე ვარ, ვაზროვნებ
და ვფქირობ როგორც პოლიტიკოსი.
-ემზარ ჯიქურაშვილი გამგებლობას თავს კარგად ართმევს?
-ნამდვილად კმაყოფილი ვარ ემზარ ჯიქურაშვილის მუშაობის სტილით.
გადაწყვეტილებები მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღება, საკითხის
აწონდაწონვის შედეგად. წინა გამგებლის შემთხვევებისგან განსხვავებით
ნაკლებად ვხედავ გარეშე ზეგავლენებს. ძალიან ხშირად ჩემი და მისი
აზრები ერთმანეთს ემთხვევა.
-წვერი მამაკაცს ღირსებას მატებს?
-არა, არ ვიცი. წლები უწვეროდ დავდიოდი, მაგიტომ არ მაქვს მოშვებული,
რომ რაიმე ღირსებად ვთვლიდე. შეიძლება ისეთ ხასიათზე დავდგე, რომ
გავიპარსო და ასე ვიარო.
-როგორ შეაფასებდით "სპექტრის" მუშაობას?
-ზოგი რამ
ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო და "სპექტრიდან" გავიგე. კმაყოფილი ვარ
იმ თვალსაზრისით, რომ ინფორმაციას ვიღებს, სტატიები, რომელშიც
შეფასებებია, შედარებით დაბალანსებულია.
მასალის გამოყენების პირობები