საზოგადოება
ნაპოვნია 24 წლის უსაფლავო გმირის ნეშტი
ნაპოვნია 24 წლის უსაფლავო გმირის, გოჩა პაპაჩაშვილის ნეშტი.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს.

“სოფელ ზემო მაჩხაანიდან 24 წლის გოჩა პაპაჩაშვილი 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში დაეცა, მისი ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ იყო.

წითელი ჯვრის ჩართულობით მებრძოლის ცხედარი გაგრის რაიონის სოფელ მახადირში, საერთო სამარხშია ნაპოვნი. ადგილზე 6 ცხედარია აღმოჩენილი, რომელთაგან მხოლოდ 4–ის იდენტიფიცირება მოხერხდა. სხვა ადგილებში აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე ქართველის ნეშტი.

ის, რომ ერთ–ერთი ცხედარი 99,9%–ით გოჩა პაპაჩაშვილს ეკუთვნის, ექსპერტიზაც ადასტურებს, რომელიც ავსტრიაში, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ჩატარდა.

დედოფლისწყაროს ტელევიზიის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამჟამად 11 გმირის ცხედარი თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია, მათ 27 მარტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 17–დან 19 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, ხოლო 28 მარტს ომში დაღუპულ გმირებს დიღომში, ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ,” - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google