IWSC - International Wine and Spirits Competition კონკურსის
ფარგლებში ქართულმა ღვინოებმა 18 ოქრო, 71 ვერცხლი და 196 ბრინჯაოს
მედალი აიღეს. ოქროს მედალოსნებს შორისაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის,
სოფელ ჩუმლაყში მდებარე კომპანია „ექიმის ბიო მარანი“, რომელმაც
საერთაშორისო კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარიეტა
კაკიაშვილი-რუაძე speqtri.ge-სთან ამბობს, კონკურსზე წარდგენილი
ჰქონდა მხოლოდ ერთი დასახელების ღვინო.
„ეს ჩემთვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირველი შემთხვევა
იყო. წარვადგინე ჩემი მარნის მხოლოდ ერთი ღვინო, 2021 წლის ქვევრის
გაუფილტრავი რქაწითელი.
კონკურსში განაცხადის გაკეთებისთანავე ვფიქრობდი, რომ ჩემი ღვინო იყო
მაღალხარისხიანი და ამიტომ გავაკეთე განაცხადი. თუმცა, დაჯილდოების
ცერემონიალზე რომ მივედი, იმდენი უძლიერესი კომპანია და ღვინის
მწარმოებელი იყვნენ, რომ ცოტა შევშინდი. ჩვენმა ღვინომ, სასიხარულოდ
ოქროს მედალი მიიღო.“
მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე მიიჩნევს, რომ ამ კონკურსზე გამარჯვება
მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და დადებითად წაადგება მის
კომპანიას.
„
IWSC -
International Wine and Spirits Competition არის დიდ ბრიტანეთში,
ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 1969 წლიდან
არსებობს.
სასიხარულოა, რომ უკვე მეორე წელია, რაც გურჯაანის ღვინის ფესტივალის
და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ტარდება ეს
საერთაშორისო კონკურსი..
ბრიტანეთიდან სპეციალურად კონკურსისთვის ჩამოდის სომელიეების, ღვინის
მერჩანტების და ღვინის სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც ცნობილ ქართველ
სომელიეებთან და ღვინის სპეციალისტებთან ერთად აფასებენ ჩვენს
ღვინოებს.
ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ კონკურსში ოქროს ჯილდოს აღებას.
მეორე დღიდანვე გაძლიერდა ჩემი ღვინის მიმართ ინტერესი. არა მარტო
დაჯილდოებული ღვინის, არამედ სხვა სახეობებისაც. უკვე მაქვს
მიმოწერები ბრიტანელ და ამერიკელ ექსპორტიორენთან.
დაჯილდოების ცერემონიალზე როგორც გამარჯვებულებს, ასევე ჟიურის და
ორგანიზატორებს, ძალიან ბევრი დადებითი ემოცია გვქონდა. ამისთვის დიდ
მადლობას ვუხდი ბატონ დავით სონღულაშვილს, გურჯაანის ღვინის ფესტივალს
და ღვინის ეროვნულ სააგენტოს.“
როგორც მარიეტა გვიმხელს, გული სწყდება, რომ მისი კომპანიიდან
კონკურსში მხოლოდ ერთი დასახელების ღვინო იღებდა მონაწილეობას.
მომავალი წლისთვის გეგმავს, რომ „ექიმის ბიო მარნის“ ყველა ღვინო
წარადგინოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ
კონკურსში 170-ზე მეტი მეწარმის 520 ღვინო
მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ისე სომხეთიდან და
აზერბაიჯანიდან.
ყველა ოქრო ქართულმა ღვინოებმა დაიმსახურა. რაც შეეხება ვერცხლს,
მხოლოდ ერთი მედალი გადაეცა სომხეთს, ბრინჯაოს მედლებიდან კი
აზერბაიჯანულ კომპანიებს ერგო 2 და სომხურ კომპანიებს - 22.
გამარჯვებულების სრული სია იხილეთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები