ჟურნალისტობა წარმოსახვაში და პირველი ინტერვიუ - სალომე დათუაშვილის ბლოგი
ოცნებაში ჩემს თავს ჟურნალისტად ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, მაგრამ
რეალობამ დამანახა, რამდენად რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა ეს
პროფესია.
მე სალომე დათუაშვილი ვარ, სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის IX კლასის
მოსწავლე. მიყვარს წერა, კითხვა და ხატვა, თუმცა მაინც წერას
გამოვარჩევ, თან ჟურნალისტიკა და წერა ხომ განუყოფელია
ერთმანეთისგან.
ცოტა ხნის წინ, ქართულის მასწავლებელმა მოგვცა დავალება, აგვეღო
ინტერვიუ ბებია-ბაბუებისგან და მოგვესმინა, რას ნიშნავდა მათთვის
მამული, გაეხსენებინათ ერთი ტკბილად მოსაგონარი ამბავი.
ავღელდი, არ ვიცოდი როგორ უნდა ჩამეწერა ინტერვიუ. ჩემი ბებია იმ დროს
სახლში არ გახლდათ, მამიდასთან იყო სტუმრად.
მეზობლად მედიკო ბებიას ვესტუმრე, ვღელავდი, როგორ უნდა წარმედგინა
საზოგადოებისთვის ისეთივე სათნო და საყვარელი, როგორიც სინამდვილეშია.
თანდათან მეც გავიხსენი, მოვირგე ჟურნალისტის როლი და მედიკო ბებომაც
დაიწყო მოყოლა.
მედიკო ჯიქურაშვილს სოფელ ჯიმითში უცხოვრია, 22 წლის ჩალაუბანში
გათხოვილა, თუმცა ნაადრევად დაქვრივებულს სრულიად მარტოს უკისრია
ოჯახური ტვირთი, ახლა უკვე 86 წლისაა. წლების განმავლობაში საბავშვო
ბაღში ძიძად უმუშავია, არაერთი თაობა გაუზრდია და ყველა მათგანი
საკუთარი შვილებივით დღემდე უყვარს, სითბოს კი წლების შემდეგაც ისევ
უხვად გრძნობს გამოზრდილებისგან.
„ოჯახი ჩემთვის ანთებული ლამპარივითაა, რომელიც მუდამ უნდა ენთოს და
მისგან გაცემული სინათლე სითბოდ და სიყვარულად უნდა ეფინებოდეს
არე-მარეს. სახლში მარტო ვარ, ჩემ შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ,
ბევრს მეხვეწებიან, ზამთარში მაინც წამოდი ჩვენთანო, მაგრამ როგორ
ჩავაქრო ბუხარში ცეცხლი? განა ეს ენდომებოდა ჩემს სოლიკოს? ამ სახლში
დავბერდი, სწორედ აქაური აურა მაძლევს ძალას, რაც არ უნდა ცუდად ვიყო,
ვიფუსფუსო,“- მეუბნება მედიკო ბებო და იქვე გათხოვების ამბავსაც
იხსენებს.
-„ჩემი მშობლიური სახლიდან დღემდე გამოყოლილი ყველა მოგონება მიყვარს.
ეს ხომ ბუნებრივია, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე. თუმცა დღეს
ღიმილის გარეშე არ შემიძლია გავიხსენო ჩემი გათხოვების ამბავი. ჩემმა
ძმამ ჯარიდან მოიწერა: „არ მინდა ჩემი და ჩემ გარეშე გათხოვდესო“. ამ
სიტყვებმა დამანახა ჩემი ძმის უდიდესი სითბო და სიყვარული. მიუხედავად
იმისა, რომ ჯარიდან ჩამოსულს უკვე გათხოვილი დავხვდი, გულში ჩამიკრა
და ერთი საყვედურიც არ დასცდენია, ამიტომაც მახსოვს ეს დღე
განსაკუთრებულად. დღემდე ვგრძნობ მჭიდროდ შემოხვეულ მკლავებს და
სითბოს, რომელიც სიბერემდე გამომყვა. ჯერ შენ პატარა ხარ, შესაძლოა
ვერ მიხვდე ჩემი სიტყვების მნიშვნელობას, რას ნიშნავს ბავშვობის
ადგილები ადამიანისთვის, მაგრამ ყველაფერს წლების შემდეგ გაიაზრებ,
როდესაც მოგიწევს მამაპაპისეული სახლ-კარის დატოვება. იქ რჩება შენი
სულიერი სიმშვიდის და ტკბილი მოგონებების ადგილი. ვერ დასთმობ,
ვერა... და ვერც გაექცევი! რადგან იქ ტოვებ შენი სულსა და გულს
სამარადჟამოდ.“ - ამ სიტყვებით დავამთავრე მედიკო ბებოსთან
ინტერვიუ.
მივხვდი, რომ ჟურნალისტობა ადვილი ნამდვილად არ არის. უნდა გქონდეს
ნიჭი, ამბავი მოკლედ და სხარტად, მკითხველისთვის გასაგები ენით
გადმოსცე, არ ვიცი რამდენად გამომივიდა და როგორ გაგაცანით 86 წლის,
თბილი, სათნო და კეთილი მედიკო ბებო, რომელსაც მშობლიური სახლ-კარის
დატოვებას ისევ მარტოობა ურჩევია, მარტოობა, რომელიც შვილებისა და
შვილიშვილების ნახვის მოლოდინითაა გაჟღენთილი.
მასალის გამოყენების პირობები