მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების
მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის,
რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე;
უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული -
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი
გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და
ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა
უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და
რეფორმირება.
„მოგეხსენებათ, ქვეყნის მმართველობით სისტემაში, ჩვენი სოციალური
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა ჯანდაცვა. ამიტომ,
ჯანდაცვის რეფორმირება ვერ ხდება 1 და 2 და ვერც 3 და 5 წელიწადში,
განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სისტემის იმ
მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო 8 წლის წინ. პირველი ამოცანა რაც
იყო, იყო ელემენტარულად სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის
გაჩენა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, სიცოცხლის პრობლემა იყო
პრობლემა, შესაბამისად, ამის პასუხი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც
განხორციელდა. არც საყოველთაო ჯანდაცვაა დღეს იდეალური, მასაც
შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს რეფორმირება მოგეხსენებათ,
ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია.
საბოლოო ჯამში შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ მედიკამენტებზე ფასი
ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების
მხრიდან უნდა შემცირდეს. თუ რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის,
ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა
იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას
ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რომ
უახლოეს პერიოდში პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება
გადადგმული.,“ - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები