ლაგოდეხში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II
შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დარღვევების დაფიქსირდა კახეთშიც, კერძოდ,
ლაგოდეხსა და საგარეჯოში.
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა ლაგოდეხში.
8 ივლისს, სამუშაო საათებში, „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა
შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო
ორგანიზაციების თანამშრომლებთან. სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული
ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო
არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. რაც
შეეხება საგარეჯოს, აქ „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე
განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს,
რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, „მშვიდად იყოს და ბევრი
არ იაქტიუროს.“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი: მათ შორის, საქართველოს
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული
მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ - 4, „ლელო საქართველოსთვის” მიერ -
1, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 2 შემთხვევა;
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ - 1;
სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების
შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში;
ასევე გამოვლინდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული
ზეწოლა/მუქარის - 5; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების
- 2; სოციალური დახმარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით
დისკრიმინაციის - 2; „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის
- 1; პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის - 1; ეკლესიის
წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის - 1 და პოლიტიკური პარტიის
რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის - 1 ფაქტი.
ანგარიში 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები