გურჯაანში სიმღერის მესამე რეგიონალური საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
19 სექტემბერს გურჯაანის მუსიკალურ სკოლაში სიმღერის რეგიონალური
მესამე საერთაშორისო კონკურსის შესარჩევი ტური ჩატარდება.
კონკურსი, „ემიგრანტის სითბო საქართველოს“ 2015 წელს დაფუძნდა
საქველმოქმედო ფონდ „თამარიანი“-ის, საოპერო მომღერალ ბექა
გოგინაშვილის უშუალო რეკომენდაციით და გურჯაანის სამუსიკო სკოლების
გაერთიანების ხელმძღვანელის რუსუდან ჩიტაურის მხარდაჭერით. კონკურსი
ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამუსიკო
სკოლების განყოფილების უფროსის რუსუდან ჩიტაურის განმარტებით,
კონკურსი მთლიანად ეყრდნობა ქართველი ემიგრანტების, მომღერლების და
ხელოვანი ადამიანების მიერ შემოწირულ თანხებს.
„პირველ წელს მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით ჩატარდა, ხოლო შემდეგ
მონაწილეობას სხვა რეგიონის წარმომადგენლებიც იღებდნენ. კონკურსის
ძირითადი მიზანია აღმოვაჩინოთ და გზა გავუკაფოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს.
მონაწილეობა უფასოა და სპონსორები ქართველი ემიგრანტები არიან,
რომლებსაც სკაიპით ვუკავშირდებით კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში.
ისინი ირჩევენ მონაწილეებს, რომლებსაც შემდეგში სპეციალურ პრიზებს
გადასცემენ.
წელს ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ: თბილისიდან, გორიდან,
მცხეთიდან, დედოფლისწყაროდან, ლაგოდეხიდან, საგარეჯოდან და ა.შ.
კონკურსი ერთ ტურად ჩატარდება. ის 19 სექტემბერს გურჯაანის მუსიკალურ
სკოლაში დილით დაიწყება და საღამოს უკვე დაჯილდოების ცერემონიალი
გაიმართება. გვეყოლება კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში
იქნებიან ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. “
მისივე თქმით, 21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
დარბაზში გაიმართება სამივე კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა
დასკვნითი კონცერტი ემიგრანტ მომღერლებთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები