გურჯაანელი მოსწავლეები, რომლებიც პოლონეთში
შემოქმედებითი-საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდნენ, რამდენიმე დღის
წინ, საქართველოში დაბრუნდნენ. ვიზიტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და
პიასეჩნო პოვიატს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
დელეგაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და
განათლების განყოფილების უფროსი თამარ ფურცელაძე და ამავე
განყოფილების უფროსი სპეციალისტი ნინო იაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ბავშვებმა მოინახულეს ერგოთერაპიის ცენტრი
პიასეჩნოში. გურა კალვარიაშის პროფესიულ სასწავლებლებელში გაიარეს
კულინარიული ვორქშოფი. დაათვალიერეს მუზეუმები, სარეაკრეაციო ზონები,
სამეფო პარკი და ძველი ქალაქი ვარშავაში. იმყოფებოდნენ ნაკრძალში,
სადაც შეხვდნენ პოლონელ სკაუტებს. მათ მონაწილეობა მიიღეს სპორტულ
შეჯიბრებებშიც.
ნინი ალადაშვილი ვიზიტით კმაყოფილია, როგორც მან განაცხადა, იქ
ყოფნისას ბევრი მეგობარი შეიძინა.
„პოლონეთში ყოფნის დროს არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. შევიძინეთ
ახალი მეგობრები და გამოცდილება. პოლონელი სკაუტების გუნდთან ერთად
მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში. მომავალში
ჩვენც ვგეგმავთ სკაუტური გუნდის ჩამოყალიბებას.“
კმაყოფილებას ვერ მალავს მირიან მთვარელიშვილი და ამბობს, რომ მსგავსი
პროექტების გაგრძელება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის
მნიშვნელოვანია.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ ყოფნა. ჩატარდა სპორტული
შეჯიბრება, რომელშიც წარმატებულად ვიასპარეზეთ და ავიღეთ თასი. მინდა
ასეთი პროექტები კიდევ გაგრძელდეს. ძალიან გამიხარდება, თუ კიდევ
გვექნება სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრების შანსი.“
შეგახსენებთ, რომ ოცი წარმატებული მოსწავლის პოლონეთში ვიზიტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, მაჟორიტარი დეპუტატის დავით
სონღულაშვილის, მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილისა და
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ერთობლივი
კოორდინაციისა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგია.
მასალის გამოყენების პირობები