ამ წუთებში გურჯაანში „გლეხური ბაზრის“ დემონტაჟი მიმდინარეობს, თუმცა
მოვაჭრეები ტერიტორიაზე დარჩნენ და ვაჭრობას აგრძელებენ. როგორც
ჩვენთან საუბარში დირექტორმა ლამარა აკოფაშვილმა განაცხადა, ეს
მოვაჭრეების მოთხოვნა იყო და ამიტომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ.
„ისინი მოითხოვდნენ ბაზარში დარჩენილიყვნენ, რადგან შეთავაზებულ
ადგილას სათანადო პირობები არ იყო. გადავიყვანეთ ქვემოთ ტერიტორიაზე.
მერიიდან მოგვიტანეს კარკასები და ბრეზენტიც მოგვაშველეს. დანარჩენი
ჩვენ შევიძინეთ. გადავაფარეთ და მაგიდები გავაწყვეთ. ვაძლევდით
მითითებებს, ვინ სად უნდა დამდგარიყო და დაიწყეს ჩვეულებრივ ვაჭრობა.
მართალია, ცოტა ვიწროდ არიან, მაგრამ თვითონ ასე ისურვეს. დავიწყეთ
უკვე დემონტაჟი. ყველაფერი კაპიტალურად გაკეთდება წყალი, კანალიზაცია
და ა.შ. გვექნება კომფორტული და სტანდარტების შესაბამისი ბაზარი.
“
მოვაჭრეები კმაყოფილებას გამოთქვემან იმის გამო, რომ ბაზრის
ტერიტორიაზე დარჩნენ, თუმცა გარკვეული პრეტენზიები მაინც
გააჩნიათ.
„შეძლებისდაგვარად, მოვთავსდით. ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ, რადგან
სივიწროვეა, მაგრამ სულ რომ არ გაგვიყვანეს და ჩვენი მოთხოვნა
გაითვალისწინეს, ესეც კარგია. რამდენიმე თვე როგორმე ასე ვიქნებით.
კარგია, რომ ტერიტორია შევინარჩუნეთ, მთავარია მერე რას იზამენ.“
მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მათ თავიანთი ვალდებულება
შეასრულეს, ადგილი გამონახეს, თუმცა მოვაჭრეების მოთხოვნებიც
გაითვალისწინეს.
„ჩვენი ვალდებულება იყო, მოვაჭრეებს პრობლემა არ შექმნოდათ, რადგან
მათ უკან ბანკები და ვალდებულებები დგას. რამდენიმე ლოკაციას
ვფიქრობდით, მაგრამ მაინც ცენტრი- რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია
ავარჩიეთ, თუმცა თვითონ განაცხადეს უარი. ჩვენ შევხვდით მათ და რაც
გადაწყვიტეს, ისე მოვიქეცით. მიუხედავად იმისა, რომ ვიწროდ არიან,
მაინც ასე სურდათ. მოტანილი გვქონდა საჩრდილობლები, მაგიდები, რკინის
კონსტრუქცია, რომელიც უნდა აგვეწყო. ეს ყველაფერი გადავიტანეთ ბაზარში
და იქ მოვაწყეთ. რეკონსტრუქცია, სავარაუდოდ, ორი თვე გაგრძელდება და
მოვაჭრეები განახლებულ ბაზარში გადავლენ. ამის შემდეგ მათ
გარემოვაჭრეებიც შეუერთდებიან. “
შეგახსენებთ, რომ
გურჯაანში „გლეხური ბაზრის“ დემონტაჟს რამდენიმე დღის წინ,
მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები