საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des
Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“
გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება.
საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც ღვინის
ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი
გახსნა და რამდენიმე თვის მანძილზე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის
საპატიო მასპინძელი იქნება. გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის
ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და
ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც
ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის
ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად
ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება:სამეცნიერო კონფერენციები,
პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც
წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები.
ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და
მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ
ტურისტს მასპინძლობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des
Civilisations Du Vin –განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის
ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.
გამოფენას საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და საკვები მრეწველობის
მინისტრი სტეფან ტრავერი ესტუმრა და დეტალურად დაათვალიერა ცენტრში
წარმოდგენილი ექსპონატები. მას მასპინძლობა საფრანგეთის
რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა
ეკატერინე სირაძე-დელონემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა
გაუწიეს. მათ მინისტრი საქართველოში მოიწვიეს.
მასალის გამოყენების პირობები