31 მაისს მოსულმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი:
ჭანდარი, ძირკოკი, ვეჯინი და სოფელი გურჯაანი, უკვე მეორედ დააზარალა.
როგორც მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების,
დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ჯემალ
შალაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში 223 ჰექტარი ვენახი და 90 ჰექტარი
კურკოვანი ხილი დაზიანდა.
„წინა პერიოდებთან შედარებით დაზიანების პროცენტი დაბალია. დაახლოებით
5-დან 10 პროცენტი დადგინდა ვენახების ზარალი და შედარებით მაღალი
20-30 პროცენტის ფარგლებში - დაზიანდა კურკოვანი ხილი. აღნიშნული
სოფლები გასულ კვირასაც დაისეტყვა. სამწუხაროდ, არის ისეთი ადგილები,
რომელიც პრაქტიკულად 100 პროცენტით არის განადგურებული. ყველაზე დიდი
ზიანი კი მიადგა სოფლებს: ძირკოკსა და ჭანდარს.“
როგორც ჩვენთან საუბარში ძირკოკის გამგებლის წარმომადგენლებმა
ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ კაციაშვილმა განმარტა, ზოგიერთ ადგილას
გაცილებით რთული მდგომარეობაა.
„ზოგან ისეა დაზიანებული ვენახი, რომ მოსახლეობამ ხელმეორედ გასხლა,
ასეთი დაახლოებით 150 ჰექტარი იქნება. ეს მონაკვეთი ადრეც დაისეტყვა
და რაც გადარჩა, ეხლა საბოლოოდ განადგურდა.“
სსსტც „დელტას“ საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, 31 მაისს
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთ
მიმართულებიდან შემოსული 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე
ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა.
„თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონში
ფრონტალურმა ღრუბლის მასამ რეგიონში ჩამოყალიბებული 30-35 მმ ზომის
სეტყვის მარცვლები შემოიტანა, ნალექის უდიდესი ნაწილი გურჯაანის
რაიონში მოვიდა. სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად მაქსიმალურად იქნა
თავიდან არიდებული ნალექის სეტყვის სახით ჩამოცლა. მიუხედავად
უმძლავრესი ატმოსფერული პროცესებისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის
აქტიური ზემოქმედების შედეგად 31 მაისს სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა
მხოლოდ 313 ჰექტარზე, რაც გურჯაანის რაიონში არსებული
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 6,26%-ია. აღნიშნული მონაცემი
დასტურდება გურჯაანის რაიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი
სპეციალური კომისიის მიერ. ამავე კომისიის მიერ მოწოდებული
მონაცემიდან კარგად ჩანს ისიც, რომ დასეტყვილი სავარგულებიდან 223
ჰექტარზე ვენახის დაზიანების მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 5-10%,
ხოლო დანარჩენ 90 ჰექტარზე კურკოვანი ნარგავების დაზიანების
მაჩვენებელი – საშუალოდ 20%-ია.“- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები