8 მაისს სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი
დააზიანა. როგორც გამგეობაში განაცხადეს, კომისიამ ზარალი უკვე
დაითვალა.
„მთლიანობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაისეტყვა 770 ჰექტარი
ვენახი, 710 ჰექტარი კურკოვანი და 15 ჰექტარი ერთწლიანი ნარგავები.
ზარალი 5-დან 50%-მდეა.“ რაც შეეხება ახმეტის მონიციპალიტეტს, როგორც
გამგებელმა ბექა ბაიდაურმა speqtri.ge-სთან სატელეფონო საუბარში
აღნიშნა, ზარალის ოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლოს იქნება
ცნობილი.
7 და 8 მაისს მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით უკვე გამოაქვეყნა
ანგარიში სსტც „დელტამ“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 7 მაისს დღის
განმავლობაში კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით
რამდენიმე მძლავრი ფრონტალური ღრუბლის მასა შემოვიდა.
„17:33 საათისთვის ნალექის მასებმა ახმეტის და თელავის რაიონები
მოიცვა, რასაც 18:34 საათისთვის თელავის მუნიციპალიტეტში ახალი
ღრუბელის შემოსვლა დაემატა. ღრუბელის გადაადგილების პარალელურად
განუწყვეტლივ ხდებოდა ნალექის რაკეტებით დამუშავება. 20:31 საათიდან
ახალი ფრონტალური ღრუბელის მასა საგარეჯოს ტერიტორიაზე შემოვიდა,
რომელმაც 21:24 საათისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტისკენ გადაინაცვლა.
22:19 საათისთვის კი ყვარლისა და ლაგოდეხის ტერიტორიაზე ჩამოიცალა.
05:39 საათისთვის სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის
მიმართულებით შემოვიდა ღრუბელთა სისტემა, რომელიც დამუშავების შედეგად
06:39 საათისთვის კავკასიონის ქედზე ჩამოიცალა წვიმის სახით.
ზემოქმედების შედეგად მოხერხდა ფრონტალური ღრუბლის მასების არსებულ
მასშტაბებში შეკავება და მასში არსებული უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის
მარცვლების ზომაში და რაოდენობაში ზრდა თავიდან იქნა არიდებული.
გასროლილი იქნა 174 რაკეტა.
ატმოსფერული მოვლენები ერთიან პროცესში გაგრძელდა 8 მაისსაც. დილის
09:00 საათიდან რეგიონში განვითარება დაიწყო შიდამასიურმა ღრუბლის
მასებმა, რასაც თან დაერთო ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლაც.
09:25 საათიდან 11:15 საათამდე ღრუბლები 100 ერთეული რაკეტით
დამუშავდა. შედეგად ფრონტალურ ღრუბლის მასებში სეტყვის მარცვლები
არსებულ პარამეტრებში იქნა შენარჩუნებული და შეიზღუდა მათი ზომაში და
რაოდენობაში გაზრდა. შიდამასიური ღრუბლის სრული მასა კი წვიმის სახით
ჩამოიცალა. ზემოთ აღნიშნული ატმოსფერული პროცესების განვითარების და
ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად, განუწყვეტელ რეჟიმში
ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება. რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და
წვიმა.“
შეგახსენებთ, რომ 7 და 8 მაისს მოსულმა სეტყვამ ახმეტისა და გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზიანებულია
როგორც ერთწლიანი, ისე კურკოვანი ნარგავები.
მასალის გამოყენების პირობები