დღეს სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ (სსტც) „დელტას“
წარმომადგენლებმა გურჯაანის ადგილობრივ თვითმმართველობასთან
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, მათ შორის უსაფრთხოების
საკითხებზეც.
-„შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ რაკეტაში მისიის ამოწურვის შემდეგ, არ
იმუშაოს თვითლიკვიდატორმა. ამ დროს, იქ რომ ვინმე იმყოფებოდეს,
ცხადია, ამან შესაძლოა ფიზიკური დაზიანება გამოწვიოს. თვითლიკვიდაციის
შემთხვევაში, რაკეტის კორპუსი გაიყოფა და ზედაპირზე უსაფრთხო
ნაწილებად ჩამოიშლება. არსებობს ალბათობა, რომ ტექნიკური ხარვეზის
გამო, 10 000 რაკეტიდან ერთმა არ იმუშაოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია
მოსახლეობის ინფორმირება, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამას
ეძვნებოდა. 20 მარტიდან უშუალოდ სოფლებში გვექნება გასვლითი
ღონისძიებები.“- აღნიშნა სსტც “დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი კალატოზიშვილმა.
მისივე თქმით, სეტყვასაწინააღდეგო სისტემის მუშაობას თან სდევს
ხმოვანი სიგნალი, რომელიც მოქალაქეს რაკეტის გასროლას ატყობინებს.
ასევე ჩანს რაკეტის კვალი.
„ მოქალაქეებმა თავი უნდა მოარიდონ სავარაუდო დაცემის ლოკაციას,
იპოვონ ნებისმიერი დაფარული ადგილი, მაგალითად ხე, კარავი,
შენობა-ნაგებობა, სადაც თავს შეაფარებენ. იყო ასეთი შემთხვევა,
ბავშვმა იპოვა და ღუმელში შეაგდო. ამან ცუდი შედეგი გამოიღო,
საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუკი რაკეტის ნაწილები
დაინახეს, ხელი არ უნდა მოკიდონ და დარეკონ „დელტას“ ცხელ ხაზზე, (032
2 91 91 91), ან 112-ს დაუკავშირდნენ.“
როგორც გიორგი კალატოზიშვილი ამბობს, პირველი აპრილიდან, კახეთში,
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის 83 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი
სრულ მზადყოფნაში იქნება. გასულ წელს კი ოპერირება 7 მაისიდან
დაიწყო.
2016 წლის მაისში მოსულმა სეტყვამ კახეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე
სოფელი დააზარალა. მოსახლეობა ამბობდა, რომ სეტყვასაწინააღმდეგო
სისტემა დროულად არ ამოქმედდა, რის გამოც მათ მნიშვნელოვანი ზარალი
მიადგათ. სსტც „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რა შემთხვევაში ვერ ხერხდება
რაკეტის გასროლა.
„პირველი ეს არის საქაერონავიგაცია, რომელიც გვიკრძალავს სამოქალაქო
სივრცეში გასროლას. ამ დროს შესაძლოა ჰაერში იმყოფებოდეს სამოქალაქო
ავიაცია ან ჩვეულებრივი კომერციული რეისი. იმისთვის, რომ მსხვერპლი და
დაზიანება არ მივიღოთ, გასროლა არ ხორციელდება. როდესაც ე.წ
შიდამასიური ღრუბელი წარმოიქმნება თითქმის ყოველ ათ წუთში ვითარდება
და იცვლის თავის მახასიათებელს. ამ დროს ვერაფერს გავაკეთებთ თუ
ჰაერში თვითმფრინავია. ვერ გავისვრით, სანამ ის არ გასცდება ჩვენი
აქტიური ზემოქმედების სივრცეს. ამიტომ მოსახლეს შეიძლება გაუჩნდეს
განცდა, რომ გასროლა დაგვიანებით განხორციელდა.“
მისივე ინფორმაციით, კახეთში, 2014 წელს 77 000 ჰექტარი, 87 მლნ ლარის
ღირებულების ფართობი დაისეტყვა, 2015 წელს 7 200 ჰა, ზარალი 24 მილიონ
ლარზე მეტი იყო, ხოლო 2016 წელს სეტყვა 7900 ჰა-ზე მოვიდა და ზარალმა
11 მლნ 300 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული სისტემა სეტყვისგან კახეთის
მასშტაბით სულ 600 000 ჰექტარს იცავს.
ცნობისთვის, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის 28
მაისიდან ამოქმედდა.
მასალის გამოყენების პირობები