დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო მაჩხაანი, ბოჭორიძეების
ექვსსულიანი ოჯახი. აქ ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, წლისა და 11
თვის ანანო და 10 თვის მირანდა. ოჯახში 85 წლის მოხუცი და ერთი შშმ
პირია.
ბოჭორიძეებს სოციალური შემწეობა 2014 წლიდან შეუწყდათ. მიზეზი ხან
ტექნიკა, ხან მიწები და ახლა კი, ის დამატებითი შემოსავალია, რომელსაც
ბონდო ბოჭორიძე არასტაბილური, დღიური სამუშაოდან იღებს.
ოჯახი ორი პენსიონერის იმედადაა დარჩენილი. როდესაც შემოსავალი
ხარჯებს ვერ ფარავს, პენიის წინასწარ აღება უწევთ. მათ არც
სასოფლო-სამეურნეო მიწები აქვთ და არც პირუტყვი ჰყავთ, ეზოში მხოლოდ
რამდენიმე ქათამი დადის.
-„ოჯახში სამი წევრი ვიყავით, მე, მამა და ძმა. სოციალურ დახმარებას
ვიღებდით. 2014 წელს ცოლი მოვიყვანე, რაკი ოჯახში წევრი დაგვემატა,
ხელახლა გადაგვამოწმეს. გამიხარდა, მეტ თანხას ავიღებთ-მეთქი, მაგრამ
რა გამოვიდა?! -საერთოდ აღარ მოგვცეს. მიზეზად ტექნიკა დაასახელეს.
2015 წელს მითხრეს, მიწებია შენს სახელზეო, არადა გაყიდული მქონდა.
მოგვიანებით, ამის დასადასტურებლად საბუთებიც მივიტანე სააგენტოში,
მაგრამ არაფერი გვეშველა. მიმდინარე წელს კი, იმიტომ არ დაგვინიშნეს,
რომ პერიოდულად, დღიურ მუშად ვმუშაობ. შეიძლება კვირა გავიდეს და
არავინ დამიძახოს. დახმარება რომც მქონდეს, მხოლოდ მაგ თანხით
ცოლ-შვილს როგორ შევინახავ, თუ არ გავედი და ხელი არ გავატოკე?!
დამასაქმონ და სულ არ მინდა სოციალური დახმარება. ფაქტობრივად,
მამაჩემისა და ძმის პენსიის, ასევე ბავშვების 10-10 ლარი შემწეობის
იმედად ვართ, რომელიც ეხლახანს დაგვინიშნეს და ჯერ არც აგვიღია.
ზამთარი კარსაა მომდგარი, შეშაზე მეფიქრება, რა უნდა ვქნათ, როგორ
გავიტანოთ თავი?!“ - ამბობს ბონდო ბოჭორიძე.
მისი მეუღლის ნათია ჯარიაშვილის თქმით, სოციალურ აგენტს ბოლო
გადამოწმებისას, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი ქმარი დღიურ
მუშად მუშაობდა.
- „ჩემი მეუღლე სახლში არ იყო, როდესაც სოციალური აგენტი მოვიდა. მას
უკვე ჰქონდა ინფორმაცია, ბონდო ათასში ერთხელ სამუშაოდ რომ დადის, ეს
ჩაწერა კიდეც დეკლარაციაში. დახმარება ამიტომ არ მოგვცეს. მხოლოდ
ბავშვებს დაუნიშნეს 10-10 ლარი. არადა, რამდენი რამ სჭირდება ოჯახს,
ჯერ მარტო ექვსი სულის ჭამა თქვით აბა! იქ გაზისა და დენის გადასახი,
იქ წამლები და ძლივს გავდივართ იოლას. დახმარებას რომ ვიღებდეთ, ცოტა
წაგვეშველებოდა.“
სოციალური მომსახურების სააგენტოში იმ არგუმენტებზე საუბრობენ, რის
გამოც ბოჭორიძეებს სოციალური დახმარება შეუწყდათ. მიზეზი, როგორც
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, აქაც იდენტურია - პროგრამა ითვლის.
- „ერთი კონკრეტული მიზეზის თქმა, სამწუხაროდ, შეუძლებელია.
დეკლარაციაში ოჯახის შესახებ ბევრი მონაცემი იწერება, ყველაფერმა ამან
სარეიტინგო ქულაზე ერთობლივად იქონია გავლენა. 2014 წელს ბოჭორიძეებს
გაცილებით მაღალი ქულა ჰქონდათ, ვიდრე ახლა, მაგრამ შემწეობას მაინც
არ ითვალისწინებს. ოჯახში ორი შრომისუნარიანი ადამიანია, ორი წევრი
პენსიონერია. ასევე ოჯახის უფროსი მუშაობს და პერიოდულად გარკვეული
შემოსავალი უფიქსირდებათ. ეს თანხა დიდი არ არის და მესმის, რომ
ოფიციალური სამსახური არ აქვს. სახლის ფართიც დიდია, დეკლარაციაში
ასევე დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთი, კომუნალური გადასახადები. ჯამში,
პროგრამამ დაითვალა გარკვეული ქულა. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც
ოჯახს აქვს შემოსავალი, მაგრამ საჭიროებები იმდენად მეტია, რომ
სოციალური შემწეობა არ ეხსნება.“ - აღნიშნა სოცილაური მომსახურების
სააგენტოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს
უფროსმა ტატა გამყრელიძემ.
30 წლის დავითი (კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, სახელი
შეცვლილია)კახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მას 4 შვილი
ჰყავს. ოჯახში სულ 7 წევრია, ისინი 380 ლარის ოდენობის სოციალურ
დახმარებას იღებენ. დავითი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს და ანაზღაურება
300 ლარი აქვს. მის ნაცვლად ხელფასი ახლობლის ანგარიშზე ირიცხება.
როგორც დავითი ამბობს, თუკი მას ხელფასი დაუფიქსირდება, ოჯახი
სოციალური შემწეობის გარეშე დარჩება.
-„დაახლოებით სამი წელია, რაც ვმუშაობ და ჩემი ბიძაშვილია
გაფორმებული. ჩემს სახელზე რომ გაკეთდეს სახელფასო ბარათი, დახმარება
ავტომატურად მოგვეხსნება. ეს არ მიღირს იმიტომ, რომ 4 შვილის
შესანახად 300 ლარი საკმარისი არ არის. ძალიან მინიმალური თანხაა.
დახმარება და ხელფასი ერთნაირად არ გვყოფნის იმაში, რომ გადასახადები
ვიხადოთ, ვჭამოთ, ბავშვებს ჩავაცვათ და რამე შევიძინოთ. ჩემი ხელფასი
არ არის ის თანხა, რომ შვიდსულიანი ოჯახი ვარჩინო. გარდა იმისა, რომ
ფინანსური დამხარება ძალიან გვჭირდება, არის კიდევ მეორე ფაქტორი-
დაზღვევა. სოციალურ დაზღვევას ბევრად კარგი პაკეტი აქვს.“
დავითი ამბობს, რომ მის მდგომარეობაში კიდევ ბევრია. „იმის გამო, რომ
სოციალური დახმარება არ მოეხსნათ, შრომისუნარიანი ადამიანები სხედან
და არაფერს აკეთებენ. ერთჯერადად აღებული ფული არ უღირთ იმად, რომ
რეგულაური შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ვფიქრობ, კანონმდებლობაში
ცვლილებებია შესატანი. ადამიანი თუ მუშაობს და დაბალი ხელფასი აქვს,
ეს დახმარებაზე არ უნდა აისახებოდეს.“
სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის თქმით, ზოგადად სოციალური
დახმარების დანიშვნის სისტემა უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს.
-„თუ შვიდსულიან ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მათ დახმარება
აუცილებლად სჭირდებათ. მეორე მომენტია, თუ რამდენი შრომისუნარიანი
წევრია ოჯახში. საერთოდაც,შემწეობის დანიშვნა-მოხსნის ტექნიკური
ნაწილი გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე მისი სისტემური
და იდეოლოგიური ნაწილი. სოციალური დახმარებების ასეთი ფორმით გაცემამ,
ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვია. მოსახლეობა სიღარიბისკენ მენტალურად
არის წასული. 520 ათას ოჯახს აქვს შეტანილი განაცხადი, აქედან მხოლოდ
100 ათასი გახდა შემწეობის მიმღები. ეს ადამიანებისთვის მოტივაციის
გაქრობის ერთ-ერთი კომპონენტია. სიღარიბის შემცირება დახმარების გზით
არ ხდება და ვერც მოხდება. ეს იგივეა, რაც ძირგავარდნილ კასრს
ავსებდეთ წყლით და კითხულობდეთ, რატომ არ ივსებაო?“
ნოდარ კაპანაძის აზრით, ასევე გადასახედია დეკლარაციის შევსების წესი.
ის ფიქრობს, რომ დეკლარაცია არა სოციალურმა აგენტმა, არამედ
ბენეფიციარმა უნდა შეავსოს.
- „სოციალურმა მუშაკმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. ამ შემთხვევაში,
აპლიკანტთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება. სახელმწიფო ამ
ყველაფერში უნდა ერეოდეს. თავისუფალი ბაზრის იმედად მიშვება დიდი
სისულელეა და ეს ზღაპარი უკვე 80-იანი წლებიდან მოყოლებული თანდათან
მთავრდება. მთავარია, სიღარიბის შემცირების კონცეფცია დაიდოს. იქ
თავისი ადგილი აქვს სოციალურ დახმარებასა და ეკონომიკურ
განვითარებას.“
2013 წლიდან სამუშაოს მაძიებელთათვის სოციალური მომსახურების
სააგენტოს მეშვეობით შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა-
worknet ამოქმედდა.
მსურველებს შეუძლიათ
რეგისტრაცია სოციალური სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონულად
გაიარონ, ან ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს
მიმართონ. ბენეფიციარი იმ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმდება,
სადაც ცხოვრობს. რა ვადით ფორმდება ხელშეკრულება, ამის მონიტორინგს
სოციალური სააგენტო აღარ ახორციელებს.
- „ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომელიც ადამიანებს სამუშაოს
მოძიებაში ეხმარება. გარდა იმისა, რომ ჩვენი დასაქმების დეპარტამენტი
მედიატორის როლს ასრულებს, არსებობს სხვადასხვა პროგრამები.
მაგალითად, მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების პროგრამა. იმ
ადამიანებს, რომლებიც აქ რეგისტრირდებიან, საშუალება ეძლევათ, ახალი
პროფესია შეიძინონ. ვინც მეტად გამოიჩენს თავს, სტაჟირების დასრულების
შემდეგ აქვს გარანტია, რომ იქვე დარჩეს სამუშაოდ. დასაქმების პორტალი
არის ერთგავრი საშუალება იმისთვის, რომ არა მხოლოდ საარსებო
შემწეობაზე იყოს ადამიანი დამოკიდებული, არამედ ახალი შესაძლებლობები
მიეცეს.“-აღნიშნა ტატა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, თუკი სოციალურად დაუცველი აღნიშნული პროგრამის
ფარგლებში დასაქმედება, ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური შემწეობა
ავტომატურად შეუწყდება.
- „ხელფასი არ არის აუცილებელი განმსაზღვრელი იმისთვის, რომ ოჯახი
სოციალური შემწეობის მიღმა დარჩეს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც
ბენეფიციარის მდგომარეობა შეიცვლება და ამის შესახებ არ აცნობებს
სოციალურ სააგენტოს. მაგალითად, როდესაც საზღვრის კვეთა დაფიქსირდა
სამ თვეზე მეტი ხნით, ან გაჩნდა რაიმე შემოსავალი, ან საქმე გვაქვს
დემოგრაფიულ ცვლილებასთან. თუკი სოციალურად დაუცველი worknet-ის
მეშვეობით სამუშაოს იპოვის, ოჯახი ხელახლა გადამოწმდება და მათ
საჭიროებებს პროგრამა დაითვლის. აქ ვაკანსიები განსხვავებულია, თუმცა
ძირითადად მომსახურების სფეროს ეხება. მუშიდან დაწყებული, ავეჯის
ამწყობით დამთავრებული და ა.შ. ზოგადი ტენდენცია არის ასეთი, რომ
ადამიანები ვინც ამ პორტალზე რეგისტრირდებიან, თითქმის არასდროს
თანხმდებიან 500 ლარზე ნაკლებ ხელფასიან სამსახურს.“
სააგენტოს ინფორმაციით, ამ პროგრამის მეშვეობით, 2015 წლის ბოლოსთვის
314 ადამიანი იყო დასაქმებული, მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით კი -
193. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც. თუმცა, რეგიონში
მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ
ფლობს, ნაწილს კი, სამსახურის სტაბილურობის გარანტიის იმედი არ
აქვს.
მასალის გამოყენების პირობები