საია წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 11 და 12 აგვისტოს
ბორჯომში, დედოფლისწყაროსა და ზუგდიდში წინასაარჩევნო აგიტაციისას
სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს ეხმიანება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, მათ
წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს მიმართავს, პატივი სცენ და დაიცვან
საქართველოს კანონმდებლობა, თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიაში
(აგიტაციაში) ერთმანეთის ხელშეშლისაგან და ნებისმიერი ტიპის
ძალადობრივი ქმედებისაგან, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ
სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას,
რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.
საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ
ვადებში მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტების სრულყოფილი და გამჭვირვალე
გამოძიება, ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ
შემთხვევებს, უზრუნველყონ ყველა დამნაშავე პირის დროულად
იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების
გატარება.
არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციით, არსებობს ეჭვი, რომ ადგილი აქვს
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ოპოზიციური პარტიების
წარმომადგენლების თვალთვალსა და მიყურადებას, ამიტომ უსაფრთხოების
სამსახურის უფროსმა უნდა უზუნრველყოს მსგავსი ფაქტების პრევენცია და
უსაფრთხოების სამსახურის სრული დისტანცირება პოლიტიკური
პროცესებისაგან.
საია-ს განცხადებით, მათმა მონიტორებმა სამივე ფაქტის შესახებ
ინფორმაცია უშუალოდ შემთხვევის ადგილზე გადაამოწმეს. მათი
ინფორმაციით, 11 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე „ნაციონალური
მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ოფისის ფანჯრები და პარტიის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატის - ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი
დააზიანეს.
12 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათისთვის „ნაციონალური მოძრაობის“
ზუგდიდის ორგანიზაციაში მისულ თანამშრომლებს მესამე სართულის კარი
გატეხილი დახვდათ, მეორე სართულის კარს კი ნაფეხურები ეტყობოდა. საიას
მონიტორთან საუბრისას, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
აღნიშნეს, რომ ოფისში შეჭრა, შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციის წაღების
მიზნით მოხდა.
ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გიუაშვილის განცხადებით, 11
აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესიკ
ფოფხაძემ თანმხლებ პირებთან ერთად მას წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელი
შეუშალა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები