პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულთათვის ბეჭდების გადაცემას აუდიტი სწავლობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ”სამართლიანი არჩევნების” მიერ
გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს. მათი პოზიციით, პრემიერ-მინისტრისა
და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის
საჩუქრების გადაცემა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს, შეიცავდეს.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის
ინფორმაციით, მოკვლევა უკვე დაწყებულია.
„გამოთხოვილი იქნება დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან
და სწორედ აღნიშნულის შემდეგ იქნება შესაძლებელი დადგენა, ჰქონდა თუ
არა ადგილი კანონდარღვევას“, - განაცხადა პარტიების ფინანსური
საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ
აზნაურაშვილმა.
გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) გაავრცელა განცხადება,
რომ 6 აგვისტოს ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრ
გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ
პატარაძის მიერ ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ფასიანი საჩუქრების
გადაცემა, შესაძლოა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
„კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ
მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება,
იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გამოიწვევს პარტიის
წარმომადგენლის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით. იმ
შემთხვევაში, თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს,
ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს“,- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და
პროკურატურას ფაქტის შესწავლისა და მასზე სამართლებრივი რეაგირებისკენ
მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები