საია- სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე გამოძიება უმეტესად არაეფექტურია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას
სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებთან
დაკავშირებით საიას წარმოებაში არსებული 22 საქმის ანალიზი წარუდგინა.
საიას ინფორმაციით, არაერთი დაზარალებული თუ დაზარალებულის
უფლებამონაცვლე, აცხადებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა
დანაშაულებრივ ქმედებას სამართალდამცავი ორგანოების, უმეტეს
შემთხვევაში, პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობითვე, წარმოებაში არსებული იმ 22
სისხლის სამართლის საქმის გაანალიზების შედეგად, რომლებზეც გამოძიება
დაიწყო სავარაუდოდ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან
დაკავშირებით, შემდეგი ძირითადი ხარვეზები და პრობლემები
გამოიკვეთა:
- ცემის თუ სამართალდამცავთა მხრიდან სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე
დაწყებული გამოძიება, უმეტესად, არაეფექტურად მიმდინარეობს, რაც,
როგორც წესი, გამოიხატება გამოძიების გაჭიანურებაში, ხოლო რიგ
შემთხვევებში - სხვა ხარვეზების არსებობაში.
- სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლებს,
როგორც წესი, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები უარს ეუბნებიან
დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.
- პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაექვემდებარნენ სამართალდამცავთა
მხრიდან ცემას ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობას, რიგ შემთხვევაში,
სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის
მოტივით, თავადვე გახდნენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
პასუხისმგებლობის სუბიექტები, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში, მათ მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყო.
- სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თუ სისხლისსამართლებრივი ბრალდების
საქმის განხილვისას, რიგ შემთხვევებში, არ ხდება ფაქტების სათანადოდ
გამოკვლევა და გადაწყვეტილება ხშირად მხოლოდ პოლიციელთა იდენტურ
ჩვენებებს ეფუძნება.
- პოლიციელთა მიერ მიცემული ჩვენება, როგორც წესი, სასამართლოში
სარგებლობს ნდობის მაღალი სტანდარტით და მსგავსი ჩვენებების სანდოობა
სასამართლოს მხრიდან ეჭვქვეშ, ძირითადად, არ დგება.
"სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან
დაკავშირებით, საიას წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების
გამოძიების არაეფექტურობა ცხადყოფს ამგვარი დანაშაულების გამოძიების
დამოუკიდებელი, ნეიტრალური და ეფექტური მექანიზმის შექმნის
აუცილებლობას. საია გააგრძელებს სამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა უფლებების
დაცვას და აღნიშნული დანაშაულების გამოძიების ეფექტურობის გაზრდის
ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობას. "- განაცხადეს
არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები