საზოგადოება
პოლიცია ick-ს ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტს იძიებს
პოლიციამ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ინცინდენტი  ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გუშინ მოხდა. მედიაორგანიზაციის განცხადებით, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს თამარ მოდებაძესა და ზაურ ზავრაშვილს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ლუხუმ შეთეკაურმა ოპერატორი ფიზიკური ძალის გამოყენებით ოთახშიც შეაგდო და მისი ჩაკეტვა სცადა.

ჟურნალისტებს ახმეტის პოლიციაში დღეს დაკითხავენ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე მუხლის მე–2 ნაწილით აღიძრა. აღნიშნული მუხლი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით,-ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

| Print |
FaceBook Twitter Google