საზოგადოება
უდაბნოში ქარსაფარი ზოლი გადაწვეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ქარსაფარი ზოლი გადამწვარია, ბანერიც მოგლეჯილია. ერთკილომეტრიანი ზოლი დაახლოებით ორი წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „თემი და გარემომ“ გააშენიანა. ამ ორგანიზაციის ექსპერტი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილი ამბობს, რომ ზოლი ნამდვილად დაზიანებულია, თუმცა მას ინფორმაცია არ აქვს ვინ გადაწვა ნარგავები. მისი თქმითვე, ზოლის ხელახალი განაშენიანება დაახლოებით მარტის ბოლოს მოხდება.

უდაბნოს გამწვანებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო სოფელ უდაბნოში ორ აქტივობას გეგმავს. „ მოვაწყობთ აქციას „გაამწვანე უდაბნო“, რომლის ფარგლებშიც აღვადგენთ ქარსაფარ ზოლს. ტერიტორიის შერჩევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. დაახლოებით 10 000-მდე ნერგი გადაეცემა მუნიციპალიტეტს იმისათვის, რომ ეს ზოლი აღადგინონ და მოვლა პატრონობასაც ისინი გაუწევენ. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს აღვადგინეთ სასკოლო სანერგეების ტრადაცია, ეს პროექტი მოვამზადეთ უდაბნოს საჯარო სკოლისთვისაც. გაზაფხულზევე ვაპირებთ სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობას, რათა მათი ჩართულობით ხელი შევუწყოთ სანერგის მოწყობას. ბავშვები გამოიყვანენ ნერგებს და უდაბნოს ტეროტორიაზე გადარგავენ.“- აღნიშნა ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იორდანიშვილმა speqtri.ge-სთან.

შეგახსენებთ, რომ  ქარსაფარი ზოლი გასულ წელს დედოფლისწყაროშიც გადაწვეს, რის შედეგადაც ნერგების 90% განადგურდა.



| Print |
FaceBook Twitter Google