საზოგადოება
პანკისში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა. "პანკისელი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად გამოვყავით დღეები და გავახანგრძლივეთ საკონტრაქტო სამსახურში მიღების პერიოდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიგვეცა ამ ადამიანებისთვის სურვილის შემთხვევაში ემსახურათ ქართულ ჯარში. ამ წუთის მდგომარეობით 33-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული. ახლა უკვე დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ შეიკრიბოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ისინი რაც შეიძლება სწრაფად ჩაებან ამ საქმიანობაში. მადლობა მინდა ვუთხრა პოლკოვნიკ ქავთარაძეს და მის ჯგუფს, რომლებმაც მთელი ორი კვირა გაატარეს პანკისში, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. ძალიან ბევრ ადამიანს ესაუბრნენ და ამას, როგორც წესი, გამრავლების ეფექტი აქვს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, დღეს, პანკისის ხეობაში გაცილებით მეტს აქვს ინფორმაცია ქართული ჯარის შესახებ. იმედი მაქვს, შემდეგი გაწვევისთვის უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

ორი კვირის განმავლობაში, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, გიორგი ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის წარმომადგენლები პანკისელ ახალგაზრდებს ადგილზე უწევდნენ კონსულტაციას.

სამინისტროს ინფორმაციით, შერჩევის პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე დარეგისტრირებული ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში გადანაწილდებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჯარი / პანკისი /