საზოგადოება
ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას "კვირის პალიტრა" ავრცელებს. "ბუკამ დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა იმ ავბედით დღეს საბურთალოს სასაფლაოზე. როგორც სჩანს, მკვლელობის დამკვეთმა კარგად იცოდა, რომ ჩვენი პარტიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს ბუკა ლევანის საფლავზე აუცილებლად მივიდოდა. იქ მისულს ლევან მიქელაძის კიდევ სამი მეგობარი დახვდა, მათ შორის, კახა საკანდელიძე და ზურა ლომაშვილი, მესამეს სახელი არ მახსოვს. ბუკას სანთელი დაუნთია და მეგობრებთან დაუწყია საუბარი.
ამ დროს ვიღაც მისულა და ბუკასთვის ჩაქუჩი ჩაურტყამს, ბუკა მოტრიალდა და ჩაქუჩიანი ხელი დაუჭერია. როგორც ბუკა იხსენებს, მას ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი იყო ძალიან მაღალი, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა და კეპი ეფარა. მეორეს კი შედარებით მომცრო ტანისას, ნიღაბი ეკეთა და კაპიშონი ეხურა... იმ მაღალს, რომელსაც ჩაქუჩი ეჭირა, ბუკა წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს დავარდნილა. თავდამსხმელს უთქვამს, ხელი გაწიე, თორემ უარესი დაგემართებაო. ამ დროს ჩაქუჩი მეორე ხელში გადაუტანია და თავში ჩაურტყამს. მეორე კი შედარებით მომცრო ტანის, ბუკას მეგობრებს იარაღს უღერებდა - არ ჩაერიოთო. მას ხელში ბეისბოლის ჯოხიც სჭერია. როცა იმ მაღალმა წაქცეულ ბუკას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, მეორემ ტყვიები დაახალა. ამ დროს კახა საკანდელიძე გადაჰფარებია, მასაც დაადეს იარაღი და უთქვამთ, შენ არაფერს გერჩით და ნუ ერევიო... სროლის შემდეგ თურმე ისევ გამეტებით ურტყამდნენ წაქცეულს. ხმაურმა როგორც ჩანს, მოსახლეობამდეც მიაღწია. ერთ ქალს უყვირია, 112-ში უკვე დავრეკე და პოლიცია მოდისო. მაშინვე გაქცულან, როგორც ამბობენ, ახლოს მანქანა არავის შეუმჩნევია, ალბათ, უმანქანოდ იყვნენ" - ჰყვება ნინო გოგუაძე.

იყო თუ არა თავდასხმა პოლიტიკური მოტივით განპირობებული, ნინო გოგუაძე კითხვას სვამს - "იქნებ პირადი მოტივების უკან, პოლიტიკური ბერკეტებია? საერთოდ გახმაურებული მკვლელობები პირადი მოტივებით იფუთება ხოლმე..." - ამბობს ნინო გოგუაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google