საზოგადოება
გურჯაანში მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოეს
დღეს სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დალი მინდიაშვილის თქმით, 22 კურსდამთავრებული ოქროს, ხოლო 11 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
"დღეს ის მოსწავლეები დავაჯილდოეთ, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. მედლები სამინისტროდან დეკემბერში მივიღეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია, გამოცდების და სესიების გათვალისწინებით იმ დროისთვის მათი შეკრება ვერ მოვახერხეთ. შევეცადეთ დაგვემთხვია ისე, რომ ორი მესამედი მაინც მოსულიყო. დღეს 24 ბავშვი მოვიდა, 10 მშობელი. ორი მედლის მფლობელი არ გამოცხადდა, ამიტომ მედალი დავტოვეთ და როცა მოაკითხავენ, მაშინ გადავცემთ. "-აღნიშნა მან.

კურსდამთავრებულებს მედლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ `წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის~ ფარგლებში გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ბეროშვილი დაესწრნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google