საზოგადოება
ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები საზოგადოებრივ ცენტრებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და მათ სოფლის მეურნეობის თემებზე კონსულტაციებს გაუწევენ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მუშაობის შედეგად, სოფლის მეურნეობის სფეროს სერვისების განვითარება და ხარისხის ამაღლება მოხდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღეისთვის 29 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს . ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბალის, ლენტეხის, დაბა ჩაქვისა და ხრეითის მოსახლეობას.


| Print |
FaceBook Twitter Google