სუს-მა საგარეჯოში სკვერის უხარისხოდ რეაბილიტაციისთვის ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე, შპს
„ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“-ს დამფუძნებელი და დირექტორი
- ნუგზარ ბ. დააკავეს, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე შპს „არგი
ჯგუფი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი - გიორგი ხ. პასუხისგებაში
მისცეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ საგარეჯოში,
კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში
გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“ დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა
გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს „ქართულ-ამერიკული
სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში
არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს.
-"თავის მხრივ შპს ,,არგი ჯგუფის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი
ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და
ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა
მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია
შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი
დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს ,,არგი ჯგუფის“ მიერ
სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.
გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ"
ქვეპუნქტით და 220-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები