გურჯაანის სასამართლომ დედამთილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დედამთილის განზრახ მკვლელობის
მცდელობაში ბრალდებულის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 24 წლის მაკა მელქაძეს ორი წლით
თავისუფლების აღკვეთა და სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ის მიმდინარე წლის 24 იანვარს დააკავეს. საქმე სისხლის
სამართლის კოდექსის 19-108-ე, გაზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით
აღიძრა.
_“თავდაპირველადვე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცემის ფაქტს არ უარყოფდა.
თუმცა საკმაოდ სერიოზული მსჯელობის საგანი იყო, ადგილი ჰქონდა განზრახ
მკვლელობის მცდელობას თუ სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას. ბრალდებული
აღიარებდა, რომ დედამთილს დაზიანებები მიაყენა შეშის ნაჭრით,
პროკურატურის ბრალდებაში კი მითითებული იყო საჩხრეკი, ტაფა და ა.შ.
ოჯახი მაკა მელქაძისგან მოითხოვდა, რომ ისიც ბაპტისტური მიმდინარეობის
წევრი გამხდარიყო. ყველაფერი რელიგიური მრწამსის ნიადაგზე წარმოიშვა.
საბოლოოდ, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული იქნა საპროცესო პირობები,
2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი, რომელსაც
დავეთანხმეთ დაცვის ქვეშ მყოფი პირისა და მისი ახლობლების პოზიციების
გათვალისწინებით. მინდა გითხრათ, რომ დანაშაულის ჩადენა დაზარალებულის
ქმედებამაც გამოიწვია. 4 წელია მათი რძალი იყო და დედამთილი საკმაოდ
ავიწროებდა. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახურ ძალადობას იქით ჰქონდა
ადგილი. მაკა მელქაძე ხასიათდება დადებითად. აუღელვებელი და მშვიდი
გოგონაა, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაც კი დასჭირდა
პროკურატურას, ეჭვობდნენ შეურაცხადობა ხომ არ იყო, რაც არ
დადასტურდა“- განუცხადა speqtri.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა ცირა
მაისურაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაკავებამდე მაკა მელქაძეს ორი შვილი ჰყავდა,
მესამე კი დაახლოებთ სამი კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
ყოფნის დროს შეეძინა.
მასალის გამოყენების პირობები