სამართალი
პოლიციამ ყვარელში 19 წლის გიორგი მოლაშვილი სცემა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გიორგი მოლაშვილი პოლიციელებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

2016 წლის 3 თებერვალს, მოლაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროს, ის პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს და სამმართველოში წაიყვანეს.

მოლაშვილი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებს არ განუმარტავთ, რატომ აკავებდნენ და სად მიჰყავდათ.

გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ გიორგი მოლაშვილს თავდაპირველად ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება. დამატებითი დაკითხვის პროცესში გიორგი მოლაშვილმა ყვარლის პოლიციის უფროსის და თანამშრომლების მიერ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და 3531 -1 მუხლით დააკვალიფიცირა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
"პოლიციის დაწესებულებაში, საპროცესო მოქმედების დროს, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ეს ჩვენებაშიც დააფიქსირა. სასამართლოზე, მოვითხოვეთ მის მიმართ არ გამოყენებულიყო საპატიმრო ღონისძიება, რაც არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. გიორგი მოლაშვილი 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შემდეგ გადაკვალიფიცირდა 353- ე პრიმა მუხლით."- ამბობს გიორგი მოლაშვილის ადვოკატი გია ფარადაშვილი.

მომხდარის შესახებ speqtri.ge-ს დეტალურად გიორგი მოლაშვილის დედა ელზა მეგზევიშვილი ესაუბრა,

"შემთხვევა სახლთან ახლოს, ქუჩაში საღამოს შვიდ საათზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გაჩერდა პოლიციის მანქანა, გადმოხტა ოთხი პოლიციელი, ჩატენეს ბავშვი და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. ამ დროს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მომხდარს მისი ბიძა და მეგობრებიც შეესწრნენ. როდესაც შემატყობინეს, პოლიციაში გავიქეცით და გვითხრეს, რომ ნარკოლოგიურში ჰყავდათ წაყვანილი, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. პოლიცაში ღამის 11 საათზე შეიყვანეს. ნარკოლოგიური შემოწმება რომ ნამდვილად გაიარა, ამ ოქმზე ხელი უნდა მოეწერა, გვითხრეს 5 წუთში გამოვაო. გიორგი ყვება, რომ გამომძიებელმა ვახტანგ მარკოზაშვილმა, გამოსვლისას უთხრა დაჯექი, საქმე მაქვსო. უკითხია დედ-მამის სახელები და საქმიანობა, შემდეგ ორი მეგობრის სახელი და გვარი, თან უთხრეს ხელი მოგვიწერეო. ამას უთქვამს, ამიხსენით, რაზე მაწერებინებთ ხელსო. გამომძიებელს შეუგინებია, მაგიდის იქიდან გადმომხტარა, ჩაურტყავს, ხელები გადაუგრეხია, ზედ დაჯდომია და ყვირილი აუტეხავს ჩქარა, მიშველეთო. უფროსსაც ოთხჯერ ჩაურტყავს ფეხი თუ მუშტი. ბავშვი არის უმოწყალოდ ნაცემი. თვალი დასიებული აქვს, შუბლი დალურჯებული, ტანზე რა დაზიანებები აღენიშნება, ამას ექსპერტიზა დაადგენს. კაპეზეში დაფიქსირდა, რომ ნაცემი იყო, სამხარაულის ბიუროშიც ჩაუტარდა ექსპერტიზა. ამტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა სცემათ. ამიხსენით, ადამიანი, რომელსაც არ იჭერენ, რატომ დაესხმება თავს პოლიციას?! "- ამბობს ის.

ელზა მეგზევიშვილი გვიყვება, რომ კონფლიქტი მის შვილსა და პოლიციას შორის პირველად არ მომხდარა.

"ხუთჯერ დაიჭირეს უმიზეზოდ, უსამართლოდ ჰყავთ დაჩაგრული. 17 წლის იყო, ერთ-ერთ პოლიციელთან, გიორგი ყანდაურიშვილთან ერთად სუფრაზე მოხვდა. ზუსტად არ ვიცი, იქ რა მოხდა, ამ ადამიანმა რამდენჯერმე გამოიყვანა გარეთ ჩემი შვილი და სცემა. ამის მოწმეებიც არიან, ჩვენებაც არსებობს. გიორგის ხელი ჰქონდა მოტეხილი. თავის დასაცავად, ერთი ხელით პატარა ქვა აუღია და ჩაურტყავს. აქდან დაიწყო ჩემი შვილის უბედურება. ამ საქმეში გამართლდა გიორგი, განრიდება გაკეთდა, ჩვენებები ადასტურებდა, რომ პოლიციელი ტყუოდა და მიხვდენენ, რომ ცუდად წავიდოდა საქმე. ეს ადამიანი დღესაც ყვარლის პოლიციაში მუშაობს. ამის შემდეგ მას პირადად აღარ ჰქონია შეხება, მაგრამ რა ვიცი, პოლიციის თანამშრომელია და ხომ შეიძლება სხვები გააქეზოს?!"

როგორც გიორგი მოლაშვილის დედა განმარტავს, პოლიციის უფროსი მის შვილს ფიზიკურად 2015 წლის ზაფხულშიც გაუსწორდა,

"ზაფხულში 173-ე მუხლით დააკავეს, თითქოს პოლიცელს არ დაემორჩილა. როგორც ახლა, მაშინაც ასე დაეტაკნენ და წაიყვანეს, 7 დღე-ღამე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. ყვარლის პოლიციის შენობის წინ პარკია. გათავისუფლებიდან მეორე დღეს, ზუსტად ამ ადგილას დაიჭირეს. უფროსს დაუნახავს და უთქვამს, ის მოლაშვილი არ არის, შემომიყვანეთ, როდის გაათავისუფლეთო. გამოვარდნილა რამდენიმე პოლიციელი, გადაუგრეხიათ ხელები და შენობაში შეუთრევიათ. შიგნით შუქი ენთო, გარედან კარგად ჩანდა, თუ როგორ სცემდნენ. ამ საქმეში სახალხო დამცველი ჩავრიე. ბოლოს მაინც გავჩერდი, მეორე ბიჭიც მყავს და მეშინოდა, ახლა ამას არ გადაეკიდონ -მეთქი. მაშინ შევცდი, უნდა მეჩივლა."

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გიორგი მოლაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |
FaceBook Twitter Google