კახეთში რთველი დასრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო შედეგებით კმაყოფილია. ბოლო მონაცემების თანახმად, კახეთის რეგიონში 91 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მიღებულმა თანხამ კი 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.
"რთველი 2013"-ს გასული წლების ამ სეზონისგან განსხვავებით დადებითად აფასებს ექსპერტი პაატა კოღუაშვილიც.
84-მა კომპანიამ წელს კახეთის რეგიონში 91114,7 ტონა ყურძენი მიიღო და გადაამუშავა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება.
ნოვატორული მიდგომით განხორციელებული სუბსიდიის პროგრამა, ანაზღაურება ვაუჩერის გარეშე, პირდაპირი გადახდის წესით, დიდი და მცირე ფერმერების თანაბარ პირობებში ჩაყენება, თავისუფალი არჩევანი მეწარმისთვის პროდუქტზე ფასის დაწესებისას,შეღავათიანი სესხი ღვინის მწარმოებლებისთვის (დღევანდელი მდგომარეობით, საწარმოებზე უკვე დამატებით გაიცა ჯამურად 43 688 024 ლარის ოდენობის 38 შეღავათიანი სესხი).
გასულ კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ფერმერების, მეწარმეებისა და ექსპერტების თანხლებით შეხვედრა გამართეს. "რთველი 2013" დასრულდა. შედეგი, რომელზეც ორიენტირებული იყო სახელმწიფო, მიღწეულია. წლევანდელი რთვლის მიმდინარეობისას მთავრობა აღარ იყო მთავარი მოთამაშე და კერძო სექტორის კონკურენტი,"-განაცხადა შალვა ფიფიამ სოფელ შილდაში, ადგილობრივი გლეხის, თამაზ ზურაბიშვილის ვენახში სტუმრობისას.
ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული 84 კომპანიიდან, 82 -კერძო და 2 სახელმწიფოს საკუთრება იყო (შპს "გრუზვინპრომი" და შპს "აკურა"). სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებულია 15 341,2 ტონა ყურძენი, რაც საერთო რაოდენობის 17%-ია (2012 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი 65%-ს შეადგენდა). შეგახსენებთ, რომ წელს რქაწითელსა და მანავის მწვანეზე სუბსიდია-40, საფერავზე კი-25 თეთრით განისაზღვრა. როგორც ლევან დავითაშვილი `სპექტრთან~ საუბარში განმარტავდა, ეს მონაცემები სათანადო მოკვლევის საფუძველზე მიიღეს.
-"წელს საფერავზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე რქაწითელზე. ანუ მოთხოვნა - მიწოდების ბალანსი არის განსხვავებული და სწორედ ამ ბალანსის მიხედვით განისაზღვრა სუბსიდიის პროპორცია."
განსაკუთრებით ხელსაყრელ ფასად მოხდა პროდუქტის რეალიზაცია მანავისა და წინანდლის მიკროზონებში. წინანდლის ზონაში 72 ტონა ყურძენი გადამუშავდა, ჩაბარების მაქსიმალურმა ფასმა კი 1,40 ლარი შეადგინა. მწვანე კახურის ღირებულებამ 1,45 ლარს მიაღწია. ამ ფასად შეძენილი და გადამუშავებული 98 ტონა ყურძნის უმეტესი წილი მანავის მიკროზონაში მოიკრიფა. საფერავის ჯიშის ყურძნის მაქსიმალურმა ღირებულებამ 2,10 ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ეკონომიკის დარგში პაატა კოღუაშვილი წინა წლებთან პარალელებს ავლებს და მიიჩნევს, რომ "რთველი 2013" უკეთესად წარიმართა.
-"გასულ წლებთან შედარებით ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი. მართებული იყო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო სუბსიდია გაიცა არა გლეხზე, არამედ-ღვინის ქარხნებზე. ფასების მომატება გლეხი კაცის ზურგზე არ უნდა გადავიდეს. სახელმწიფომ სუბსიდია სწორედ ბიზნესის მწარმოებელს, ბიზნესის გამყიდველს უნდა მისცეს. ამის ორგანიზება კარგად მოხდა. თანაც ქარხანას წინასწარ კი არ ჩაერიცხა ეს რაოდენობა, არამედ იმის მიხედვით ეძლეოდა, თუUრა თანხა უნდა გაეცა ფერმერზე. ასე რომ არ ყოფილიყო, პრაქტიკულად, გლეხები ანაზღაურებას დღესაც ვერ მიიღებდნენ. შეიძლება იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ერთი ან ორი დღით დაუგვიანდათ, მაგრამ ეს სისტემური ხასიათის არ ყოფილა."
ექსპერტი ეკონომიკის დარგში აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი, სახელმწიფო არ უნდა იყოს.
"სახელმწიფომ ქართველ გლეხებს, მეღვინეებს მხოლოდ და მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო ხელშკრულებების გაფორმებით, პროდუქციის რეალიზაციასა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაში. პროცესში კერძო კომპანიები იყვნენ ჩართულნი და ვფიქრობ, ესეც სწორი მიმართულება იყო,"-გვითხრა პაატა კოღუაშვილმა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მთავრობას თავისეული ხედვაც შესთავაზა.
-"პროცესები კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, რათა უკეთესი შედეგები მივიღოთ. Mმეორე ნაბიჯი უნდა იყოს ვერტიკალური ინტეგრაციის ფორმის ოპერირება ყურძნისა და ღვინის მწარმოებლებს შორის. ანუ საჭიროა შევქმნათ აგრალური პროდუქციის წარმოების გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლი. ქართველ გლეხს მხოლოდ კი არ უნდა მოჰყავდეს ყურძენი, არამედ ის უნდა იყოს ღვინის, ანუ საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მოგების მიღებით დაინტერესებული."
რთვლის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქალაქ გურჯაანში საკოორდინაციო შტაბი და ცხელი ხაზი 24-სააათიან რეჟიმში მუშაობდა. შტაბმა ამჟამად რაჭის რეგიონშიც დაასრულა საკოორდინაციო საქმიანობა. 24 კომპანიის მიერ გადამუშავებული იქნა 979 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.
მასალის გამოყენების პირობები