საქართველოში საუკუნეების მანძილზე საუკეთესო ღვინოს ამზადებდნენ. დღესაც ბევრი ისეთი კომპანიაა, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. ერთ-ერთი მათგანია
"კახური ტრადიციული მეღვინეობა." გენერალურ დირექტორს ზურაბ ჩხაიძეს საწარმოში შევხვდით და რთვლის მიმდინარეობის შესახებ ვესაუბრეთ.
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" 2001 წელს შეიქმნა. დამფუძნებელის და გენერალური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ეს იყო რთული პერიოდი, როგორც ბიზნესის, ასევე ქვეყნისთვის.
"იმ დროს მქონდა საკმარისი ამბიცია და პოტენციალი მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე, რომელშიც უკვე გარკვეული გამოცდილება გამაჩნდა. ფაქტობრივად, ბიზნესის თავიდან დაწყება მომიწია და გადავწყვიტე საქმის განახლება თიხის ჭურჭელში ჩამოსხმული ღვინით მეცადა. ასეთი პროდუქცია მაშინ ბაზარზე თითქმის არ იყო. დავიწყეთ ასევე ღვინიდან გამოხდილი სპირტის დაძველება, ჩამოვასხით კონიაკი, ანუ ბრენდი. მისი რეალიზაციით უკრაინაში ლიდერები გავხდით,"-გვიყვება ბატონი ზურაბი.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია უკვე 17 წელია რთვლის პროცესში აქტიურად არის ჩაბმული და ყველანაირი ჯიშის ყურძენს იღებს.
"ყურძენს, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, მთელი კახეთის მასშტაბით ვიბარებთ. როდესაც მოსავალი დიდია, ერთი ქარხნისთვის ძალიან ძნელია მისი მიღება. წელს, როცა ყვარლის ქარხანაში საკმარისი რაოდენობის პროდუქცია გადავამუშავეთ, მუკუზნისა და ვაჩნაძეანის ქარხნებიც ჩავრთეთ. სეზონზე ყველანაირი ჯიშის ყურძენს ვიბარებთ, არასდროს არც ერთ სახეობაზე უარი არ გვითქვამს."-გვითხრა მან.
ზურაბ ჩხაიძემ ის დრო გაიხსენა, როდესაც რუსეთის ბაზარი დაკეტილი იყო, მაგრამ მათ საწარმოს ყურძნის მიღება მაინც არ შეუწყვეტია. "მაშინაც კი საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძენს ვღებულობდით, როდესაც რუსეთის ბაზარი დაკეტილი იყო. წელს 4 ათას ტონამდე ავედით, მომავლისთვის კი უფრო მეტის შესყიდვას ვგეგმავთ. ჩვენს კომპანიას დაახლოებით 30 ათას ტონამდე ყურძენი ესაჭიროება, რადგან საკონიაკე სპირტს ვხდით და კონიაკს ვაკეთებთ. წელს ბუნებამაც შეუწყო ხელი საქართველოს, ვინაიდან საკმაოდ კარგი მოსავალი მოვიდა.Mმთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როგორც გლეხისთვის, ასევე მეწარმისთვის. იყო ასევე ბანკების მხრიდან აქტიური ჩაბმულობა, ვინაიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის კრედიტი გაიცა."
გამოცდილი მეწარმის თქმით, წლების განმავლობაში, მეღვინეობის დარგი პარალიზებული იყო. ფიქრობს, რომ ახლა მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი.
"თუკი ადრე უკმაყოფილო იყო გლეხი, ქარხანა და ღვინის მწარმოებელი, დღეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მაგალითად: სახელმწიფო ნაკლებად ერევა რთვლის პროცესში, გაუმჯობესდა სუბსიდირების ფორმა და ა.შ. ყურძნის ფასიც ყველასთვის მისაღები იყო, როგორც გლეხისთვის, ისე მეწარმისთვის. შესაძლებელი გახდა საკრედიტო რესურსებზე წვდომა, რომელმაც ჩვენც გაგვიჩინა საბრუნავი თანხა."
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" 150-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს. "თეთრი მშრალი ღვინო "წინანდალი","ცოლიკაური", "გურჯაანი", "მანავი", "ალაზნის ველი", "ტვიში", "რქაწითელი", "როზე", "საფერავი", "მუკუზანი", "ხვანჭკარა", "ქინძმარაული" და ა.შ. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი კომპანია აწარმოებს. ყველა დასახელების ღვინო საექსპორტოდ გადის და ფასიც სტანდარტულია. 13 ქვეყანაში აქტიურად გვაქვს ექსპორტი. უკვე 6 წელია უკრაინაში, ყველა იმპორტირებული კონიაკის ლიდერები ვართ და ამიტომ ყველაზე დიდი წილი უკრაინის ბაზარს უკავია. მარტო იქ, შარშანდელი მონაცემებით, 30,20% დავიკავეთ, ეს საკმაოდ დიდი ციფრია, წელს კი 80%-მდე ზრდა გვაქვს. რუსეთის ბაზარზე რეგისტრაცია ყველა პროდუქციაზე გავიარეთ,"-აღნიშნა მან.
კომპანიის დამფუძნებელმა პატარძეულის ახალ საწარმოზეც ისაუბრა, რომელიც 2013 წლის 28 სექტემბერს გაიხსნა.
"საწარმო რომელიც 7 თვეში აშენდა, თანამედროვე იტალიური წარმოების ტექნიკით არის აღჭურვილი. დაახლოებით 100-მდე ადამიანია დასაქმებული. დღეის მდგომარეობით რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდა. აქ ჯერჯერობით მხოლოდ ღვინომასალები გადმოგვაქვს, თუმცა მომავალ წელს გადასამუშავებელი საამქროც დაემატება. წელს დაგეგმილი გვაქვს 4 მილიონი ბოთლი ღვინის და 8 მილიონი ბოთლი კონიაკის გამოშვება. საბოლოო ჯამში შეიქმნება პროდუქცია, რომელიც ექსპორტირებული იქნება და დიდად წაადგება საქართველოს ეკონომიკას."
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ინვესტიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნეს. ის ფიქრობს, რომ მეღვინეობა მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, რადგან სტრატეგიული დანიშნულების დარგია.
"მცხეთაში დავდგით ქართული ღვინის პალატა თავისი მარნით, გავაკეთეთ რესტორანი ღვინის გურმანთათვის, ასევე კახეთში გვაქვს მამა-პაპური მარანი, რომელიც ტურისტებს ემსახურება. ქართველი კაცისთვის ვაზი ყველაფერია. ერთი პერიოდი, სამწუხაროდ, გლეხი დაბნეული იყო, არ იცოდა რა აეჩეხა და რა გაეშენებინა. ახლა კი მომავალს ყველა იმედით უყურებს. როცა ნედლეულის ბაზა არსებობს, აქ ბიზნესმა უკვე თავისუფლად შეიძლება თავისი განვითარება ჰპოვოს. რა თქმა უნდა, დარგიც უფრო გაძლიერდება და ამ შედეგში ჩვენს მოკრძალებულ წვლილსაც შევიტანთ."
საუბრის ბოლოს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს კახეთში, კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. რაიონის დასახელებისგან კი ჯერჯერობით თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები