ქალაქ გურჯაანში მცხოვრები ავთანდილ ყალაბეგაშვილის ისტორია თითქმის მთელი საქართველოსთვისაა ცნობილი. განთქმულმა მევენახემ 2007 წელს ვენახი საკუთარი ხელით გაჩეხა, რასაც იმ პერიოდში მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
"ვენახი მქონდა, მაგრამ 2007 წელს იძულებული გავხდი შვილივით ნაფერები ვაზი გამეჩეხა, რაც მაშინდელმა გაუსაძლისმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ერთი კილო საფერავი ყურძნის ღირებულება 1 ლარი და 80 თეთრი იყო. ამის შემდეგ კი დაიწყო ჩვენი უბედურება. იმის მაგიერ, რომ ფასი შენარჩუნებულიყო ან პირიქით, მომატებოდა, ყოველწლიურად 40 თეთრი აკლდებოდა. სააკაშვილს ყველაფერი თვითონ ჰქონდა კონტროლზე აყვანილი და ცალკე ბიზნესი არ არსებობდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ნაშრომ-ნაწველები, ჩემივე ხელით გამენადგურებინა," _ გვითხრა მევენახემ და იქვე დასძინა:
-"მართალია, ყველა ერთნაირად კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ, გეტყვით, რომ რასაც მე ვუყურებ, სოფლის მეურნეობის დაგრში წინსვლა შეინიშნება, შედარებაც კი არ შეიძლება. წელს გლეხს ერთი კილოგრამი რქაწითელი ლარად, ხოლო საფერავი თითქმის ლარი და სამოც თეთრად აუნაზღაურეს. ეს, რა თქმა უნდა, ხალხისთვის ძალიან დიდი შეღავათია."
ავთანდილ ყალაბეგაშვილი გულისტკივილით გვიყვებოდა იმ დღეების შესახებ, როდესაც ვაზის გაჩეხვის გამო მაშინდელი მთავრობა ცდილობდა, ქრთამის აღებაში დაედანაშაულებინა.
-"არ ვიცი მაშინ დაჭერას როგორ გადავურჩი, ალბათ, ღვთის ნება იყო. იძახოდნენ სოლიდური თანხა აიღოო. არადა, იმიტომ გავჩეხე, რომ ზარალის მეტი არაფერი მოჰქონდა, ჩემი შრომა არ ფასდებოდა. რასაც ვხარჯავდი, იმასაც ვერ ვიღებდი. საფერავის მოვლა ძალიან შრომატევადია, ორჯერ უნდა გაფურჩნა, თორემ ისე მოსავალს ვერ მიიღებ, თან რქაწითელთან შედარებით ნაკლებ მოსავლიანია. წონაც ნაკლები აქვს."
მისი თქმით, წინა მთავრობის დროს კახეთში კაპიკებად ნაყიდი ყურძნით დამზადებულ ღვინოს, მაღაზიებში ცეცხლის ფასი ჰქონდა.
-"როდესაც რქაწითელში აქ ადგილზე 35 თეთრს გვიხდიდნენ, მაშინ გუდვილის მაღაზიაში ამ ყურძნისგან დამზადებული ერთი ბოთლი ღვინო 35 დოლარი ღირდა. თუ ყურძენი ასეთი უხარისხო და უფასური იყო, ღვინო როგორ იყიდებოდა ამ ფასში?"
ავთანდილ ყალაბეგაშვილმა ე.წ. "გენერლების რთველიც" გაიხსენა, როდესაც გლეხებს ჯგუფად დადგომის ეშინოდათ და მთავრობა დაუფარავადაც ემუქრებოდათ:
-"თუ წყნარად არ იქნებით, რასაც აიღებთ, პერედაჩებში დაგჭირდებათო." "რთველი რომ დაიწყო, შტაბში რეგულალურად ავდიოდი და ფასზე ყოველთვის დავა მქონდა. ეს, რა თქმა უნდა, არავის მოსწონდა.Dერთხელაც დამიძახეს და მკითხეს, რა ფასში გინდა, რომ ჩავიბაროთო? ვუპასუხე _ ლარში-მეთქი, ასე მითხრეს 70 თეთრზე მეტი არსად არ არისო. როდესაც გამოვბრუნდი, ერთ-ერთი ბიზნესმენი დამეწია და შემომთავაზა, წამოდი, მაჩვენე, ერთი როგორი ვენახი გაქვსო. რომ ნახა, გადაირია და მითხრა: ლარს გაძლევ, ოღონდ არ თქვაო. შემდეგ კი შინაურულად გამანდო, დავალება გვაქვს სამინისტროდან, 70 თეთრზე მეტი არ გადაიხადოთო. პირდაპირ რეკეტი იყო. იმ პერიოდში შტაბის წარმომადგენლები ცალკე ტეხავდნენ ფულს და მინისტრები ცალკე, ბოლოს კი საწყალი გლეხი იჭყლიტებოდა."
მისი თქმით, წლევანდელი შემოდგომა, სხვა წლებთან შედარებით რადიკალურად განსხვავდება, ეს ყურძნის ჩაბარებაზეც აისახა.
-"ადრე გამოაკრავდნენ, რომელი ქარხანა იბარებდა ყურძენს, ჩავიდოდით და იქ კიდევ გვეუბნდებოდნენ: მიღება არ არისო, ხალხს ყურძენი ვენახებში ულპებოდა. წელს კი მოსავლის დაბინავებაზე პრობლემა არც ერთ გლეხს არ შექმნია. ფასმა აშკარად მოიმატა. მე რომ უფრო ახალგაზრდა ვიყო, ვენახს აუცილებლად გავაშენებდი, მაგრამ ყველაფერს ჯანი, მოვლა და პატრონობა სჭირდება."
ავთანდილ ყალაბეგაშვილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების დადებით მხარეებზეც გვესაუბრა.
-"ეს ბარათები, გლეხისთვის სწორედ რომ სულზე მისწრება იყო. ამით ყველა ძალიან კმაყოფილია. ხალხმა ნაკვეთები დაამუშავა, შხამ-ქიმიკატები შეიძინა. მე საწამლი აპარატი და კიდევ სხვა საჭირო ნივთები გამოვიტანე. წინა წლებში 30 ლარიანი ვაუჩერებს, 20 ლიტრ საწვავს და რაღაც ერთ ტომარამდე გვარჯილას გვირიგებდნენ და იმაზეც მადლობა უნდა გვეხადა. ამჯერად კი, გლეხებისთვის ნამდვილად სასიკეთო საქმე გაკეთდა. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი აუცილებლად განვითარდება."
მშრომელ გლეხს აგროკრედიტებზე და რუსეთის ბაზრის გახსნაზეც თავისი შეხედულებები აქვს.
-"აგროკრედიტები ძალიან კარგია, თუ მოსახლეობა იმ კუთხით გამოიყენებს, რა დანიშნულებაც გააჩნია. შეიძლება ადამიანს ბიზნესი აქვს, თანხა აკლდება და ამისთვის ეს სწორედ რომ მისწრებაა. თან, როგორც ვიცი, პროცენტი ძალიან დაბალია.
რაც შეეხება რუსეთის ბაზრის გახსნას, ამ ინიციატივას მივესალმები. წლების განმავლობაში გლეხი თავისუფლად გადიოდა, გაჰქონდა თავისი პროდუქტი და იქ რეალიზაციას ახდენდა. ხალხს აქედან დიდი სარგებელი ჰქონდა. ხოლო რაც ურთიერთობა შეწყდა, კახელ გლეხს მოყვანილი ხილ-ბოსტნეული ადგილ-მამულებში ულპება."
განთქმულმა მევენახემ საუბრის დასასრულს ახალგაზრდებს ვაზის გაშენებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამით საქართველოში და კერძოდ, კახეთში, ისევ აღორძინდება ის უძველესი დარგი, რასაც მევენახეობა-მეღვინეობა ჰქვია.
მასალის გამოყენების პირობები