რთველმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე აქტიური ხასიათი მიიღო. ღვინის ქარხნებთან მანქანების რიგებიც შეინიშნება. ამის მიზეზების გარკვევას მეწარმეებთან და გლეხებთან ერთად შევეცადეთ.
ირაკლი ჯანგაძემ ორი ტონა რქაწითელი ჩააბარა. როგორც ჩვენთან საუბარში განმარტა, რიგში დგომა კი მოუწია, მაგრამ თვლის, რომ ეს ყურძნის ჩაბარების დროს ნორმალური პროცესია.
-"ყურძენი მასიურად იკრიფება და ბუნებრივია, ქარხნებთანაც რიგები დგას. ფასი ნორმალურია, კილოგრამს ერთ ლარად იბარებენ. ხალხი იმასაც ამბობს, რომ შეიძლება ღირებულებამ კიდევ მოიმატოს, რაც ძალიან კარგია, რადგან იცით, ვაზს როგორი მოვლა სჭირდება. გლეხის შრომა უნდა დაფასდეს. წელს თანხას ქარხანაშივე გასცემენ და ხალხს ბანკის რიგებში დგომა აღარ უწევს. ჩვენთვის ეს ორმაგი წვალება იყო. ამჯერად ორი ტონა მაქვს მოტანილი და ერთი ამდენის დაკრეფას კიდევ ვაპირებ,"-გვითხრა მან.
ანალოგიური აზრისაა ყვარლის მკვიდრი მალხაზ ვეფხვიაშვილი. "არანაირი შეფერხება და პრობლემა ჩაბარების მხრივ ჯერ არ შეგვქმნია, პროცესი ჩვეულებრივად მიდის. ფასიც ნორმალურია, ერთი ტონა უწამლი მაქვს მოტანილი და კილოს 43 თეთრად იბარებენ. თანხის განაღდებაც ადგილზე ხდება, ესეც ერთ-ერთი კარგი პირობაა, რომ ბანკში აღარ მოგვიწევს სირბილი. ჩვენ კიდევ ახალგაზრდები ვართ და რა გვიჭირს, მაგრამ როცა ადამიანი ხნიერია, იმისთვის ძნელია ორმაგად იწვალოს. იმედია, თანხის გაცემას არ დააგვიანებენ. ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში გადაგვიხდიან,"-გვითხრა მან.
ჭანდარის ღვინის ქარხანაში ყურძენს იღებს "დუგლაძეების ღვინის კომპანია". წარმოების უფროსის დავით მაჭავარიანის განმარტებით, მოსავლის ჩაბარება მათ საწარმოში 6 სექტემბერს დაიწყო და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.
-"ამ დროისთვის უკვე 2000 ტონამდე ყურძენი გადავამუშავეთ. სულ გეგმაში გვაქვს, რომ 5000 ტონა საღვინედ და 3000 ტონა - დაზიანებული და უწამლი საკონიაკედ მივიღოთ. ჩვენთან ქარხანაში ძირითადად რქაწითელი და საფერავი მოდის.Mმე თვითონ ვეუბნები სახელმწიფოს, რამდენი ტონა ყურძნის მიღების საშუალება მაქვს და ის მეხმარება ამ პროცესში. რეალურად მთავრობამ ის მოახერხა, რომ გასცემს სუბსიდიას თეთრ ყურძენზე _ 40 და საფერავზე _ 25 თეთრს, რაც ძალიან დიდი შეღავათია ქარხნებისთვის."
მისივე თქმით, გლეხებს აქტიურად მოაქვთ ქარხანაში ყურძენი და მომსახურებითაც კმაყოფილები არიან. "უკვე დაახლოებით 600-700 ათასი ლარი გვაქვს ანაზღაურებული. ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის თანხას გავცემთ მოსახლეობაზე, რომ გლეხებს პრობლემები არ შევუქმნათ. კუთვნილი თანხის მისაღებად, ჩაბარებიდან მათ მაქსიმუმ 3-4 დღე უწევთ ლოდინი."
როგორც დავით მაჭავარიანმა განმარტა, საწარმო ძირითადად საშამპანურე მასალას იღებს, რომლის სიტკბო 18 გრადუსიდან განისაზღვრება. "ყურძენს სხვადასხვა ზონებიდან ვიღებთ, გააჩნია რა ღვინოს ვაკეთებთ. ვენახებში დამხმარე გვყავს გაშვებული, რომელი ზონიდან რა რაოდენობის ყურძენიც გვჭირდება, ის რომ შემოვიდეს. პირველ რიგში მოსავალი არ უნდა იყოს დასეტყვილი და დამპალი. რამდენადაც ვიცი, ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყურძნის ფასი იკლებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, "საფერავში", "ქინძმარაულსა" და "მუკუზანში" ზოგი საწარმო უახლოეს პერიოდში 1,25 ლარს გადაიხდის."-აღნიშნა მან.
როგორც მეწარმე ამბობს, სოფლებში, რწმუნებულების მიერ გაცემული ცნობები, მუშაობაში ძალიან ეხმარებათ, რადგან ამის მიხედვით არეგულირებენ, დღის განმავლობაში რა რაოდენობის ყურძენი უნდა შევიდეს ქარხანაში. "თითოეულ მათგანთან მაქვს ყოველდღიური კავშირი და ვეუბნები, რომელი სოფლიდან რა რაოდენობის ყურძენი შეიძლება გამოაგზავნოს. ამის მიხედვით სიტუაცია რეგულირდება და ზუსტად ვიცი დღის განმავლობაში რამდენი ტონა პროდუქტი შემოვა ქარხანაში."
დავით მაჭავარიანის განმარტებით, საწარმო ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მიღებასაც აპირებს, თუმცა, როდიდან დაიწყება ეს პროცესი ზუსტად არ იცის.
-"მიღება ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად ჩავიბარებთ. ფასი შედარებით ნაკლები იქნება, ალბათ, კილოგრამის ღირებულება 35-40 თეთრით განისაზღვრება. აქედან გამოწურული ღვინო ბოთლებში არ ჩამოისხმება, მისი გამოხდა მაშინვე ხდება და მიღებული საკონიაკე სპირტით, საკონიაკე ბრენდს ვაწარმოებთ."
მისივე თქმით, შარშან აღნიშნულმა საწარმომ სულ 700-800 ტონა ყურძენი მიიღო, წელს კი თითქმის 10-ჯერ მეტი, 8000 ტონის მიღებას გეგმავს. როგორც დავით მაჭავარიანი განმარტავს, ამ რაოდენობის მოსავლის მიღება, რუსეთის ბაზრის გახსნამაც გამოიწვია. მისი თქმით, საწარმო, რთველს, მომავალ წელს კიდევ უფრო მომზადებული შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები