კახეთში ყურძნის მოსავლის აღება უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. "რთველი 2013"-ის საკოორდინაციო შტაბის და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ კომპანიებმა ყურძნის მიღება აქტიურად დაიწყეს.
ლევან დავითაშვილმა "სპექტრთან" საუბრისას განმარტა, რომ შტაბი პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის მაქსიმალურად მუშაობს და შეფერხებებს ადგილი არ აქვს.
-"ფაქტობრივად ყველა რაიონში დაიწყო რთველი. დღითიდღე გურჯაანშიც იკრეფს ტემპს. ამ დროისათვის დაახლოებით 5 000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. ყველაფერი ორგანიზებულად მიმდინარეობს. არ არის ჩაბარების პრობლემა. ვცდილობთ მიწოდება და მოთხოვნა-ეს ორი მხარე ერთმანეთს კოორდინირებულად დავუკავშიროთ. ამ ეტაპზე ყველა ღვინის ქარხანა ძირითადად რქაწითელს და საფერავს იბარებს, პრინციპში ეს ორი ინდუსტრიული ჯიში გვხვდება: კახური მწვანე საგარეჯოს რაიონშია გაშენებული და მისი მოკრეფა ჯერ ცოტა ადრეა."-გვითხრა ლევან დავითაშვილმა.
ცნობილია, რომ წელს სუბსიდია (სახელმწიფო დახმარება) სამი ტიპის ყურძენზე -რქაწითელზე, საფერავსა და მწვანე კახურზე ვრცელდება. წინა წლებისაგან განსხვავებით, სუბსიდია არა ვაუჩერების მეშვეობით, არამედ მეწარმეების პირდაპირი დაფინანსების წესით მოხდება. თუ, მეწარმეები კონდიციურ ყურძენში ერთ ლარს ან უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან, სახელმწიფოსგან შესაბამის სუბსიდიას მიიღებენ. ლევან დავითაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით ყურძენს ოცდაორი ოპერატორი იბარებს, თუმცა ორმოცდახუთი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია. ყურძნის შესყიდვაზე განაცხადის ფორმა სულ 85-მა კომპანიამ წარმოადგინა. დავითაშვილი საწარმოებს ხელშეკრულების დროულად გაფორმებისაკენ მოუწოდებს. Mმან იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომელიც ფერმერს მოსავლის ქარხანამდე მიტანას გაუმარტივებს.
-"მთავარი პრინციპი არის გამარტივებული პროცესი. ფერმერი უნდა მივიდეს სოფლის რწმუნებულთან, რომელსაც აქვს შტაბში სათანადო პირებთან მუდმივი კონტაქტი, მაგალითისთვის ზონის კოორდინატორთან. კოორდინატორი თავს უყრის ყველა იმ ინფორმაციას, რაც ბაზაში არსებობს, ანუ გლეხი რომელსაც სურს ამა თუ იმ ჯიშის ყურძენი ჩააბაროს, მიდის რწმუნებულთან, რომელიც გასცემს შესაბამის ცნობას. ეს ინფორმაცია თავს იყრის შტაბში და შემდეგ მიეწოდება კომპანიებს. პარალელურად, კომპანიებისგან ვიღებთ ინფორმაციას, მათი მოთხოვნის შესახებ."
გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსულმა სეტყვამ გლეხები მნიშვნელოვნად დააზარალა. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ფერმერებს დაზიანებული ყურძნის რეზლიზაციაშიც შეუწყო ხელი. უკვე დასახელდა ის საწარმოები, რომლებიც დასეტყვილ პროდუქტს ჩაიბარებენ:
- "მზადაა საწარმოები, სადაც საბრენდე სპირტისთვის დასეტყვილ ყურძენს მიიღებენ. ესენია: გურჯაანის სპირტის და ჭანდრის ღვინის ქარხნები. ჯერ ჩაბარების ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ფასი გითხრათ. არ მინდა ღირებულება გავაჟღერო, რათა გადაწყვეტილების მიღებისას მან რაიმე გავლენა არ იქონიოს ბაზარზე,"-აღნიშნა დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, გლეხებს რიგში დგომა, ერთი ქარხნიდან მეორეში უშედეგოდ სიარული და გაფუჭებული პროდუქტის გადაყრა აღარ მოუწევთ. Mმისი თქმით, ამ დრომდე, მსგავსი პრეცენდენტი არ დაფიქსირებულა.
-"თამამად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რთველი უკვე დაწყებულია და ასეთ პრეცენდენტს ადგილი არ აქვს. არ არსებობს მიკერძოების ფაქტები. არ არსებობს ის, რომ ვიღაც დიდი ფერმერია, ვიღაც მცირე და მათთვის სხვადასხვა თამაშის წესები მოქმედებს. სახელმწიფო ქარხანა კონკურენციას არ უქმნის კერძო კომპანიებს. მათ მხოლოდ სარეზერვო ფუნქცია აკისრიათ. რთველი აბსოლუტურად საბაზრო წესებით მიდის. ჩვენ უბრალოდ სწორი მენეჯმენტი გვაქვს შემუშავებული. შტაბის ფუქნცია ისაა, რომ ორ სხვადასხვა მხარეს შორის ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროს. სახელმწიფო სხვა არანაირ საკითხში არ ერევა. ღვინის ეროვნული საგენტოს კიდევ ერთი დანიშნულებაა, რომ ხარისხის კონტროლი დავიცვათ, ყურძენი იყოს კონდიციური და კონკრეტული ადგილწარმოშობის ღვინოების პარამეტრებს აკმაყოფილებდეს."
დავითაშვილის თქმით, წელს კახეთში 140-150 000 ტონა ყურძნის მოლოდინია. რაც წინა წლებთან შედარებით ორჯერ მეტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები