იორმუღანლოს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით
საუკეთესო და ნატურალური პროდუქციით კახეთში ყველასთვის კარგადაა ცნობილი იორმუღანლოს აგრარული ბაზარი. გარდა იმისა, რომ აქცენტი კეთდება ბოსტნეულის, ადგილობრივი რძის ნაწარმის, საქონლის ხორცის ხარისხზე, უნდა აღინიშნოს მათი ხელმისაწვდომი ფასებიც.
ტრადიციულად, ბაზარი უკვე წლებია პარასკევსა და კვირა დღეს მუშაობს და მყიდველს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველი ნებისმიერი სახის პროდუქცია შეიძინოს.
2011 წლიდან სავაჭრო ცენტრის ადმინიტრაცია ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გრანდიოზულ სამუშაოებს ახორციელებს. როგორც შპს „IORI-G“-ს დირექტორმა მუბარიზ გუსეინოვმა განმარტა, სადღეისოდ უკვე ინვესტირებულია 1 500 000 (ერთ მილიონ ხუთასი ათასი) ლარზე მეტი. თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრის მოსაწყობად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა: დამთავრებულია ტერიტორიის წყალმომმარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟი; გადაწყვეტილია სავაჭრო ცენტრის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი, დაიდგა ინდივიდუალური 350 კვტ სიმძლავრის ტრანსფორმატორი; დამთავრებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხორცისა და რძის პროდუქტების შენობა. დასრულებულია არსებული ნორმების შესაბამისად საქონლის სასაკლაოს თანამედროვე შენობა, რომელიც ყოველდღიური მოთხოვნიდან გამომდინარე გათვალისწინებულია 20 ცალი მსხვილფეხა პირუტყვის, 25 ცალი ღორის და 30 ცხვრის დაკვლაზე. კაპიტალურად მოწყობილი და გადახურულია 55 სავაჭრო პავილიონი.
ასევე გაკეთებულია 50 ცალი გადახურული ჯიხური და სტანდარტული ღია ტიპის სავაჭრო ადგილები. ავტო-სატრანსპორტო საშუალებებიდან საბითუმო ვაჭრობის მიზნით განსაზღვრულია 140 ადგილი; მოწყობილია ავტო-სადგომი 300 ადგილზე. მიმდინარეობს და პრაქტიკულად დამთავრების სტადიაშია ორსართულიანი საოფისე და სასადილოს შენობების მშენებლობა; ფუნქციონირებს სანიტარულ–ჰიგიენური დანიშნულების ობიექტები (საპირფარეშო, საშხაპე და სხვა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ვაჭრობის დღეებში დასაქმებულია 400–600 კაცამდე. ამასთანავე, სავაჭრო ცენტრის მომსახურებით ვაჭრობის დღეებში როგორც იორმუღანლოს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან საშუალოდ 2 000 კაცზე მეტი სარგებლობს.
-„დღეის მდგომარეობით სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 12 კაცი. შპს „IORI-G“-ს გადაწყვეტილი აქვს გააფართოვოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების სარეალიზაციო არეალი. ამ მიზნით სავაჭრო ცენტრის შემდგომი გაფართოებისთვის მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ხელი შეუწყოს ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას შეუფერხებლად და კომფორტულად აწარმოოს მის მიერ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია. ამასთანავე, გადაწყვეტილი გვაქვს სავაჭრო ცენტრის მუშაობა ეტაპობრივად გადავიდეს ყოველდღიურ რეჟიმში,“ _ განმარტა შპს „IORI-G“-ს დირექტორმა მუბარიზ გუსეინოვმა.
მოვაჭრეები კომფორტული გარემოს შექმნისთვის ზრუნვას ბაზრის მეპატრონის საუკეთესო გადაწყვეტილებად აფასებენ. -„მართალია, მე საგარეჯოში არ ვცხოვრობ და მეზობელი რაიონიდან, სიღნაღიდან ვარ, მაგრამ თითქმის ყოველ კვირა დღეს იორმუღანლოს ბაზარზე მოვდივარ და ოჯახისთვის სხვადასხვა პროდუქტს ვყიდულობ. ვიცი, რომ აქ ნატურალური ყველი, კარგი ბოსტენეული, საუკეთესო ხორცია და გარდა ამისა, ფასებიც საკმაოდ მისაღებია, რაც დღეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია. ნელ-ნელა ამ ბაზარს დიდი ყურადღება ექცევა, მიმდინარეობს მშენებლობა და პირობებიც უმჯობესდება, რასაც სხვა რაიონებში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს კი ყველას მოსწონს და სავაჭროდ აქ მოსვლის სურვილი კიდევ უფრო ბევს უჩნდება.“ _ ამბობს ერთ-ერთი მყიდველი ანზორ გულიაშვილი.
იორმუღანლოს ბაზარი თავისი მრავალფეროვანი პროდუქციით, ხელმისაწვდომი ფასებით და საუკეთესო პირობებით კახეთში ერთადერთი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია.
P.S.
ამჟამად მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრში დარჩენილი თავისუფალი სავაჭრო ადგილების მსურველი პირებისათვის იჯარით გადაცემის პროცესი, ბიზნესმენებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას.
მასალის გამოყენების პირობები