თანამედროვე სტანდარტების, მრავალპროფილური დაწესებულება, თელავის რეფერალური კლინიკა, პაციენტებს
2013 წლის 29 მარტიდან უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ერთ სივრცეში თავმოყრილია მიმღებ-დიაგნოსტიკური, პედიატრიული, თერაპიული, ქირურგიული, მეან-გინეკოლოგიური და რეანიმაციული სამსახურები.
როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა გელა ორველაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
-"აქ მოხდა ერთ სივრცეში ყველანაირი სამსახურის თავმოყრა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის თანამედროვე სტილის ტიპური შენობა, სადაც კომპაქტურად და კარგად არის შექმნილი ყველა სამსახური. ოფიციალურად საავადმყოფო 70 საწოლზეა გათვლილი, ასევე ემატება დღის სტაციონარის, ემერჯენსის, რეანიმაციის საწოლები და საერთო ჯამში, საჭიროების შემთხვევაში 90-მდე პაციენტის მოთავსება შეგვიძლია. ხელშეკრულება ყველა სადაზღვევო კომპანიასთან გვაქვს და ასევე შიდა სტანდარტებითაც ვმკურნალობთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე კახეთში არ იყო ნეიროქირურგიული, ანგიოლოგიური და ონკოლოგიური სამსახურები. ჩვენთან ამ მიმართულებებით უკვე დაწყებულია ოპერაციები, რომელსაც თბილისიდან მოწვეული საუკეთესო სპეციალისტები ატარებენ" _ ამბობს გელა ორველაშვილი.
თელავის რეფერალური კლინიკა, კახეთში მცხოვრებ მშობიარე ქალბატონებს სამეანო-გინეკოლოგიური კუთხითაც საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. პაციენტებს რეგიონიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისიდან მოწვეულ პროფესორ-გინეკოლოგის ლევან მაყაშვილისგან.
-"თელავის რეფერალურ კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტს მოვემსახუროთ მაღალი სტანდარტებით. მომავალ მშობლებს ვთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო, კომფორტულ და საიმედო მშობიარობას თანამედროვე ტიპის პალატებსა და სამშობიარო ბლოკებში. მელოგინეებს და ახალშობილებს მეთვალყურეობას უწევენ წამყვანი სპეციალისტები," _ განმარტავსLსამეანო გინეკოლოგიური განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან მაყაშვილი.
გარდა არსებული სამედიცინო მომსახურებისა, თელავის რეფერალურ კლინიკაში ახალი ინოვაციური სერვისია დანერგილი – ვიდეოტრანსლაცია პალატებიდან. ვიდეოთვალის მეშვეობით, ახალშობილის ნახვა ოჯახის წევრებს და მეგობრებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებათ. რაც შეეხება გინეკოლოგიურ მიმართულებას, როგორც ლევან მაყაშვილმა აღნიშნა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შესაძლებელია უსისხლო ე.წ ლაპარასკოპიული ოპერაციების ჩატარება, რაც აქამდე კახეთში არ იყო. ასევე, ტარდება ყველა სახის პლასტიკური ოპერაცია.
-"კლინიკა ძალიან ეფექტურად და კარგად მუშაობს და საავადმყოფოს არც ერთი განყოფილებიდან პაციენტი უკმაყოფილო არ წასულა." _ აღნიშნა ლევან მაყაშვილმა.
რეგიონში სრული სამედიცინო სერვისის არსებობის მნიშვნელობაზე არავინ დავობს, თუმცა კახეთის მოსახლეობისთვის, ასევე საინტერესოა, თუ რა თანხა დაუჯდებათ მაღალტექნოლოგიურ საავადმყოფოში, კვალიფიციური მედპერსონალისგან სამედიცინო მომსახურების მიღება. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, ფასები ძირითადად იგივეა, რაც ზოგადად სამედიცინო ბაზარზეა, შესაბამისად, მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს, რომ ახალ საავადმყოფოში მკურნალობა უფრო ძვირია.
-"მართალია, ჩვენთან მოსულ პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე პირობებს, მაღალკვალიფიციურ მედპერსონალს, უახლეს აპარატურას, კარგად აღჭურვილ ლაბორატორიას, მაგრამ ფასები სამედიცინო ბაზარზე არსებული ფასების ანალოგია," - განმარტავს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, გელა ორველაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები