"გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხელისუფლებამ ძალაუფლება "ძველი ბიჭების" კონგლომერატს ჩააბარა"
დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, ზურაბ დანელიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ერთი თვის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თინა ხიდაშელს მისწერა. წერილში საუბარია იმ გარიგებების შესახებ, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან აწარმოებდა.
- "2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ყველას გვახსოვს როგორი მძიმე სიტუაცია იყო ქვეყანაში, პრაქტიკულად უიმედობა. ბატონი ზვიად ყვირალაშვილი გახლდათ კოალიციის "ალიანსი საქართველოსთვის" შტაბის უფროსი გურჯაანის რაიონში. მე გახლდით წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ბატონი ზვიადი მაშინდელ ხელისუფლებასთან ბინძურ გარიგებაში ჩემს ხარჯზე შევიდა, პირადად მაშინდელ გუბერნატორთან გიორგი ღვინიაშვილთან და მის მოადგილე გიორგი სიბაშვილთან შემდეგი მიზნით, რომ თუ შეძლებდა ჩემს ჩამოცილებას არჩევნების პროცესიდან, ისინი უზრუნველყოფდნენ მისთვის სათანადო ხმების მოგროვებას, რათა საკრებულოს წევრი გამხდარიყო.
ეს ადამიანი, არ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე ან სხვა თანამდებობის პირი."- განაცხადა მან და იქვე დასძინა:
- "გუშინ საკრებულოს პირველ სხდომაზე ზვიად ყვირალაშვილი აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. ბერიძიშვილისა(საკრებულოს თავმჯდომარე) და ყვირალაშვილის კომენტარებმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება კოალიციის ხელმძღვანელების მიერ იქნა მიღებული, ანუ ყვირალაშვილის მტკიცება, რომ ხიდაშელის, უსუფაშვილისა და ბერძენიშვილის სრული მხარდაჭერით სარგებლობს და ისინი "ყველაფერს მოაგვარებენ", სწორი აღმოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სრული მხრდაჭერა ყვირალაშვილს და ამით მის წარსულ და დღევანდელ ბინძურ გარიგებებზე ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს."
ზურაბ დანელიშვილის თქმით, "გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხელისუფლებამ ძალაუფლება "ძველი ბიჭების", ყოფილი კომუნისტური სამეურნეო ნომენკლატურის, ბინძურ გარიგერბებზე წამსვლელი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და სკამზე შეყვარებული ადამიანების კონგლომერატს ჩააბარა."
მასალის გამოყენების პირობები