"არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ კანონის გვერდის ავლით“ [R]
- ბატონო გია, თქვენ გურჯაანის გამგებლობის კანდიდატად წარგადგინათ მმართველმა გუნდმა, გუბერნატორმა კი ფავორიტად დაგასახელათ. რა არგუმენტებით, კარგად გიცნობთ?
- გუბერნატორს პირადად არ ვიცნობდი იქამდე, სანამ "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად არ დამასახელა. მისი ასეთი შეფასება, ალბათ, ჩემმა წარსულმა ცხოვრებამ გამოიწვია. ამ კითხვაზე უკეთესად თავად გუბერნატორი გიპასუხებთ.
- არ შემიძლია არ გკითხოთ, თავდაპირველად საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით იყრიდით კენჭს, ფაქტობრივად, ბოლო დღეს დარეგისტრირდით "ქართული ოცნებიდან." ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო?
- მართალი ბრძანდებით. სურვილი მქონდა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოვსულიყავი და თავდაპირველად საინიციატივო ჯგუფიდან დავრეგისტრირდი. პარალელურად, განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა მმართველი გუნდის მიერ. როცა ამის რეალური შანსი გაჩნდა, თანაც იმ პარტიიდან, რომლის იდეებსაც ვიზიარებდი, მივიღე გადაწყვეტილება. 2012 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ნათლად დავინახე ის სიკეთე, ის წინსვლა, ის წესიერი ცხოვრება, რომელიც საჭიროა ყველა ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი მონაწილეობა მიმეღო ამ დიდ და კეთილ საქმეში.
- თქვენი ეს ნაბიჯი ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლას ნიშნავს. რა მოტივაცია გქონდათ, როცა შეთავაზებაზე დათანხმდით?
- სულით და გულით ვემხრობი მმართველი გუნდის მიერ არჩეულ კურსს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს, გაამთლიანებს, აღმშენებლობისკენ წაიყვანს. ალბათ, საკმარისი არგუმენტებია მოტივაციის შესაქმნელად.
- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრიდით კოალიციიდან "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", რას იტყვით ამის შესახებ?
- მოგახსენებთ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ ამის სურვილი, იყო რეალური შემოთავაზებაც, მაგრამ სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. თვითონ შოშიაშვილს ჰქონდა სურვილი და სანამ ჩემს აზრს გაიგებდა, სანამ პასუხს შეიტყობდა, რომ არასოდეს წავიდოდი მათკენ, იქამდე გააკეთა განცხადებები, როგორც ტელევიზიით, ისე სხვა მედიასაშუალებებით, ქება-დიდება შემასხა (რაც სიმართლეს შეეფერება). თუმცა ვაკონკრეტებ, ეს მხოლოდ მათი სურვილი იყო.
- ვინ არის თქვენი მთავარი ოპონენტი და რატომ უნდა აგირჩიონ გურჯაანელებმა?
- ოპონენტად ვერც ერთ კანდიდატს ვერ განვიხილავ. ვთვლი, რომ ჩემი მთავარი ოპონენტი რაიონში არსებული პრობლემებია.
არჩევანის გაკეთებისას ნდობაა მთავარი. დავიბადე, გავიზარდე, ვმუშაობ და ვცხოვრობ გურჯაანში და ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, უშუალო შეხება მაქვს მოსახლეობასთან. ვიცნობ გურჯაანელების თითქმის ნახევარს და ყველამ იცის, რომ ყოველთვის ვცდილობ გვერდში დგომას, დახმარებას, როგორც შემიძლია ისე და ეს გაგრძელდება მომავალშიც.
ვიცი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემა და მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი ძალ-ღონე მოვახმარო რაიონისა და თითოეული მოსახლის კეთილდღეობას. ჩემი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, ყველა მოქალაქე რომ ხედავდეს რა პრობლემებია და როგორ ვახერხებთ მათ მოგვარებას.
არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, არასოდეს შემიცვლია რწმენა და მხოლოდ ის კურსი მაქვს, რომ ადამიანებს დავუდგე გვერდით.
- რას ნიშნავს სლოგანი: "ერთად ვიზრუნოთ გურჯაანზე"?
- ამ სლოგანის არსი ისაა, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ჩავრთოთ გურჯაანისა და სოფლებში მიმდინარე პროცესებში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის ქიშპობა და გათიშულობა, ერთმანეთისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება, რაც განვლილმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ მოიტანა. ჩემი მიზანი ისაა, რომ მოსახლეობა გაერთიანდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეის გარშემო: ერთად ავაშენოთ და გავალამაზოთ გურჯაანი. გვაქვს ასეთი პროექტი, რომ გარდა მაჟორიტარისა, ყველა სოფლიდან (მოსახლეობის სიმრავლის შესაბამისად) გვყავდეს საინიციატივო სამი-ხუთკაციანი ჯგუფი, რომლებისთვისაც დაინიშნება ცალკე მიღების დღე და უშუალოდ თვითონ მოიტანენ სოფლის პრობლემებს და ჩაიხედავენ სოფლის ბიუჯეტში, პროექტებში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს.
- იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები, თქვენი თვითმმართველობაში მოსვლის შემდეგ?
- საკადრო ცვლილებებს არეგულირებს კანონი, ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ კანონის გვერდის ავლით.
- როგორ მიმართავთ ამომრჩეველს?
- 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში დაიწყო აღმშენებლობა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ასე სჭირდებოდა და მე მივმართავ გურჯაანის მოსახლეობას: იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც ამ პერიოდში გაკეთდა, მხარში დაუდგნენ „ქართულ ოცნებას“, მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ გონივრული არჩევანი!
მასალის გამოყენების პირობები