გამგეობის ხელმძღვანელობისა და "ნაციონალების" წინასაარჩევნო კონტრარგუმენტები
თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო გამძაფრდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა-კანონმორჩილებაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ, ხმაური იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ერთმანეთს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ელგუჯა გიორგაძე და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ღვინიაშვილი დაუპირისპირდნენ.
კამათის მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" სარეკლამო ბანერები გახდა. ნონეშვილის გამზირზე პარტიის საარჩევნო შტაბის წევრებმა გურჯაანის რაიონის გამგებლობისა და ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სააგიტაციო ბანერი განათავსეს, რომელიც მოგვიანებით ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.
გიორგი ღვინიაშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა ბანერი ადგილობრივი ხელმძღვანელობის დავალებით ჩამოიღეს. ის მოუწოდებს გამგეობის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში წარმართონ.
- " მოგვეცეს საშუალება, რომ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ. სადაც კი `ნაციონალური მოძრაობის~ ბილბორდი და პლაკატი იყო განთავსებული, ყველა იმ მოტივით ჩამოგვიხსნეს და მიწაზე დაგვიყარეს, რომ თურმე იქ არ შეიძლება გაკვრა. მაგრამ იმავე ადგილზე გამგეობამ მაშინვე თავისი, რაღაც კონცერტის რეკლამა გააკრა. თუ ჩვენთვის არ შეიძლება, მაშინ არც მათთვის შეიძლება ხო? განუკითხაობა ხდება გამგეობის და ზოგადად ხელისუფლების მხრიდან."-განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ელგუჯა გიორგაძე კი ამბობს, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.
- "გიორგია, მე ვარ, თუ ვინც არის, ყველა კანონმორჩილი უნდა ვიყოთ. მაგ ადგილზე პლაკატების განთავსება ჩვენ "ქართული ოცნებიდანაც" გვთხოვეს, მაგრამ უარი ვუთხარით. ამიტომ ოცნების კანდიდატმა ბანერები იქირავა. ნება იბოძონ და მაგათაც იქირავონ, რატომ ძალადობენ?"-გვითხრა ელგუჯა გიორგაძემ. მისივე თქმით, ნონეშვილის გამზირზე ბანერის განთავსების შესახებ "ნაციონალურ მოძრაობას" მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის უნდა ეცნობებინა.
- "მათ საკრებულოს თავმჯდომარისთვის ოფიციალურად უნდა მიემართათ და ნებართვა აეღოთ, მაგრამ უკანონოდ გააკეთეს. იქნებ რეიტინგის კლებაც მე დამაბრალონ."
ელგუჯა გიორგაძე ენერგოდისტრიბუციის თანამშრომლებისთვის დავალების მიცემას ბანარების ჩამოხსნის შესახებ უარყოფს. "დავალება ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან არ მიუღიათ. ენერგოდისტრიბუციამ რომ ნახა, პლაკატი განათების ბოძებზე იყო ჩამობმული, მოხსნეს. არც მაგათთვის უკითხავთ, ისე გამოაკრეს. ჩემს ქონებაზე რამეს რომ აკეთებ, ხომ უნდა შემეკითხო?"
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ღონისძიების აფიშის განთავსებისთვის გამგეობამ ნებართვა ენერგოდისტრიბუციას სთხოვა.
საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილმა კი "სპექტრთან" საუბარში აღნიშნა, რომ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ საკონცერტო აფიშა უსაფრთხოების ნორმების დაცვით განათავსა.
- "ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმები არ ირღვევა. პლაკატი ელექტროგადამყვანი ხაზებისგან დაშორებულია, `ნაციონალური მოძრაობის~ ბანერი კი ზედ სინათლის ხაზებზე, დაახლოებით ხუთ სანტიმეტრში იყო გაკრული. განკარგულებით განვსაზღვრეთ ის ადგილები, სად შეიძლება და სად არა, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა სააგიტაციო მასალა განათავსოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სინათლის ბოძებზე, ღია სადენებიდან სამი მეტრის დაშორებით შესაძლებელია. ამავდროულად იქ არაფერი წერია სინათლის ბოძიდან-ბოძზე, ბანერის გადაჭიმვის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის უნდა მოემართათ. ჩვენ სამართლებრივად ან დავრთავდით ნებას, ან არა. მე ვადასტურებ იმას, რაც გუშინ გიორგი ღვინიაშვილმა თქვა. დამირეკა ზაქრო იაგანაშვილმა და მითხრა, ბანერის განთავსება გვინდა და წინააღმდეგები ხომ არ ხართო? ჩვენ ვუთხარით, განათავსეთ სადაც გნებავთ, ოღონდ კანონის ფარგლებში."
კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ "სპექტრთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ გამგეობას იმავე ადგილას საკონცერტო პლაკატის გაკვრის უფლება მიეცა, რადგან ეს ხანმოკლე პერიოდზე იყო გათვლილი.
- "გურჯაანის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურიდან დაგვიკავშირდნენ. გვთხოვეს, რომ კონკრეტულ უბანზე ორი დღით ყოფილიყო ღონისძიების აფიშა. იმის გათვალისწინებით, რომ ხანმოკლე პერიოდის არის, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა იმსჯელა და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მიეცათ ნებართვა განთავსებაზე." მისივე თქმით, ბანერი მათი თანამშრომლების თანდასწრებით, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გააბეს.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამ ადგილას სარეკლამო ბანერს ანთავსებს. წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ყველა დღესასწაულის მილოცვა თუ ანონსი, სწორედ ამ ბოძებზეა გადაჭიმული.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები