22 მაისს მმართველმა გუნდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ბიზნესმენი ილია მზექალაშვილი წარდგინა.
ილია მზექალაშვილი დაიბადა 1969 წლის 27 ნოემბერს ყვარელში. დაამთავრა ამავე რაიონის მე-3 საშუალო სკოლა. 1989 წელს ჩაირიცხა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტში, არის ღვინის ტექნოლოგი.
სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1994 წელს მუშაობა დაიწყო შპს „ყვარლის გვირაბში“ მეღვინე ტექნოლოგად.
1998 წლიდან იგივე თანამდებობაზე შპს „კასტელ საქართველოში“ გადავიდა.
2002 წლიდან თავად ჩამოაყალიბა ღვინის მწარმოებელი კომპანია. ამჟამად „გუნაშაური და კომპანიის“ მფლობელი და დირექტორია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
_ ბატონო ილია თქვენ კენჭს იყრით ყვარლის გამგებლად, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რამდენადაც ვიცით აქამდე მხოლოდ ბიზნესით იყავით დაკავებული?
_ დაბადებული და გაზრდილი ვარ ყვარელში, გული შემტკივა ჩემს მშობლიურ კუთხეზე, სურვილი მაქვს ვიზრუნო თანამემამულეების კეთილდღეობისთვის, შევძლო მათი პრობლემების მოგვარება. ვფიქრობ, ყვარლის გამგებლობა შესაბამისი თანამდებობაა ამ მიზნების მისაღწევად.
_ ყვარელი წინა ხელისუფლების დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა, ტურისტებისთვის საინტერესო გახდა, რა იქნება თქვენი პრიორიტეტი გამარჯვების შემთხვევაში?
_ ჩვენი გუნდის ძირითადი პრიორიტეტი ჯანდაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოგვარება ცენტრალიზებულად ხდება და მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა, ყვარელში სპეციფიური პრობლემებია. არ გვაქვს მუნიციპალური საავადმყოფო. ვგეგმავთ გავხსნათ სამედიცინო მომსახურების ისეთი ცენტრი, სადაც თითოეულ მოქალაქეს უფასოდ შეეძლება მიიღოს მაღალპროფესიული ექიმების მომსახურება. ამჟამად ყვარელში არის სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საავადმყოფო, სადაც არ კეთდება ოპერაციები, არ გვაქვს სამშობიარო და ჩვენს თანამემამულეებს გურჯაანში, ან თელავში უწევთ წასვლა. წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაში იქნებიან მოქალაქეები, როცა რაიონში შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ ემერჯენსის მომსახურება, ან ელემენტარულად ანალიზები აიღონ?!
გვაქვს სხვა პრიორიტეტებიც, მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ბალღოჯიანის გზის რეაბილიტაცია და სხვა...
_ წინა ხელისუფლების დროს ყვარლის გლობალური რეაბილიტაცია განხორციელდა, ამ საკითხით ხშირად ოპონირებენ „ნაციონალური მოძრაობის“
წევრები, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით?
_ რა თქმა უნდა, ყვარელი მნიშვნელოვნად გალამაზდა, მაგრამ საკითხავია როგორ? მხოლოდ ფასადურად. გაკეთდა მაგალითად, ე. წ. აღმასკომის შენობა, შებრძანდით შიგნით და ნახეთ, როგორაა „რეაბილიტირებული“.
ყვარელში გვაქვს მე-18 საუკუნის შუახნის ციხე-გალავანი, მის ჩრდილოეთ ნაწილში, ზოგან მეტრზე, ზოგან მეტრანახევარზე ისე მიაყარეს დურუჯის ქვიშა, რომ ძეგლის ისტორიული სტატუსი არც კი გაითვალისწინეს, მთავარი იყო გზა გასწორებულიყო და დასანახად ლამაზი ყოფილიყო.
შემიძლია დავასახელო ასევე ე.წ. კუდიგორის ქუჩა, რომელიც აამაღლეს და დაავიწროვეს, ხალხს კი წყალი სახლებში უვარდება, კითხვა მაქვს: გაკეთებაა ეს თუ გაფუჭება?
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ მხოლოდ მოსაჩვენებლად გაკეთდა.
_ ბატონო ილია, ვინ არის თქვენი რეალური ოპონენტი საარჩევნო მარათონში?
_ ყვარლის გამგებლობის ხუთი კანდიდატია, აქედან კონკურენტად თითქმის არც ერთს არ ვთვლი, თუმცა უპირატესობას ალექსი შიუკაშვილს მივანიჭებდი, „დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს.
_ რატომ უნდა იყოს გამგებელი მენეჯერი და არა პოლიტიკოსი?
_ ვფიქრობ, მენეჯერს უკეთესად შეუძლია საქმის როგორც დაგეგმვა, ისე კეთება. რაიონს კი თავკაცად ასეთი გამოცდილი პიროვნება სჭირდება.
_ რას ნიშნავს „ერთად ვიზრუნოთ ყვარელზე“?
_ ვფიქრობთ, თითოეული ყვარლელის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ჩვენი საქმიანობის განსაზღვრა, მათი გამოკითხვისა და ჩართულობის ფონზე უნდა დაიგეგმოს ბუჯეტიც და განსახორციებელი საქმიანობის ნუსხაც. სწორედ ამას გულისხმობს ეს სლოგანი.
_ რას ეტყვით ამომრჩევლებს?
_ გამომიცხადონ ნდობა მომცენ ხმა და გამარჯვების შემდეგ მომთხოვონ დანაპირების შესრულება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გამგებელმა და მკვიდრმა მოსახლეობამ ერთად უნდა დავაბრუნოთ ნათელი მომავლის იმედი, რწმენა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაკვდა.
მასალის გამოყენების პირობები