საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
პრემიერის თქმით, მოვლენების მსგავსი განვითარება ქვეყნის იმიჯს არ წაადგება და თუ ოპოზიციას რაიმე კითხვები აქვს, ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობენ.
"ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა გურჯაანში, მაგრამ ეს იყო პროვოცირებული ე.წ ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, დესტრუქციული მეთოდებით მათ სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის ხელშეშლა და პარალიზება. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და მწვავე, მაგრამ კარგად გვახსოვს რა პირობებში ცხოვრობდა მოსახლეობა. მსგავსი რეაქცია ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა მოსახლეობის აგრესია გასაგებია. მინდა ყველას მოვუწოდო, ოპოზიციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ მძაფრი გამოხატულებებისგან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ვითარება ხელოვნურად იძაბება, რადგან ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტები არ არსებობს.
"თუ მსგავსი რამ ხდება, ამაზე რეაგირებას შესაბამისი უწყებები მოახდენენ. ეს არის დადგმული სპექტაკლი და ოპოზიციის ამოცანაა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის პარალიზება. რეაქციაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იყო მწვავე. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ხალხის აგრესიის შესაჩერებლად და მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე", - აღნიშნა მან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რიგის სამიტი ახლოვდება, ყველა რაიონში სიმშვიდე და სტაბილურობა ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მასალის გამოყენების პირობები