სახელმწიფო უწყებებმა, სსიპ-ებმა და ააიპ-ებმა ადმინისტრაციული ხარჯები 2014 წელს გაწეული ხარჯის ოდენობამდე უნდა შეამცირონ. წელს შემცირებული მაჩვენებლის შენარჩუნება კი 2016 წელსაც უნდა შეძლონ.
მთავრობის ამ განკარგულებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები, უწყებებმა 2016 და 2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვის დროსაც უნდა გაითვალისწინონ. ფინანსთა სამინისტრომ, თავის მხრივ მიღებული ინფორმაციის შემდეგ 1 აპრილამდე მთავრობას განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები უნდა წარუდგინოს.
დაწესებულებებმა, მთავრობის დავალების შესრულებისას შემდეგი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ:
1. შრომის ანაზღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს.
2. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მივლინების ხარჯების დაფინანსება. აიკრძალოს სასწავლო მივლინების ხარჯების დაფინანსება, თუ მიმწვევი მხარის მიერ არ ფინანსდება სამივლინებო ხარჯების არანაკლებ 80%.
3. შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს ოფისის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები (მათ შორის მიმდინარე რემონტის ხარჯები).
4. შემცირდეს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით არანაკლებ 30%-ით (გარდა იმ მანქანებისთვის საჭირო საწვავის ხარჯებისა, რომლების ემსახურებიან იმ ოპერატიული დანიშნულების ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ყოველდღიურად მუდმივ გადაადგილებას, პატრულირებას და ა.შ.).
5. შეიზღუდოს წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე და შემცირდეს 2014 წელს გაწეული საკასო ხარჯი არანაკლებ 20%-ის ფარგლებში.
6. მაქსიმალურად შეიზღუდოს რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული, საოფისე ტექნიკის და ინვენტარის (მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა) და სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის (გარდა სპეციალური დანიშნულების მანქანებისა და ტექნიკისა) შესყიდვის ხარჯები.
7. შემცირდეს ისეთი პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება, რომელთა გადავადების ან ნაწილობრივ გატარების შემთხვევაში, არ შეფერხდება შესაბამისი დარგის განვითარება.
აღნიშნული პრინციპების გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარჯავმა დაწესებულებამ, თითოეულ პროგრამულ კოდთან მიმართებაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასაბუთება უნდა წარუდგინოს.
მასალის გამოყენების პირობები