საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქვეუწყებო ორგანიზაციას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
ილია დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 6 მარტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ილია დარჩიაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2014 წლიდან მუშაობს. აქამდე დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას დეტალურად იცნობს.
ილია დარჩიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იყო; 2006-2012 - წლებში ს/ს ბანკი “რესპუბლიკა”ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი“ ფილიალის მმართველი; 2004-2006 - წლებში ს/ს ბანკი “რესპუბლიკა”ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი“ ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი; 2003 წელს კი საქართველოს კულტურის სამინისტროში, საფინანსო დეპარტამენტის ანგარიშგების მენეჯერი.
ილია დარჩიაშვილი თავისუფლად ფლობს ქართულ, პოლონურ, რუსულ და ინგლისურ ენებს. 1998-2004 წლებში ილია დარჩიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა, 2008-2011 წლებში გრენობლის ბიზნესის სკოლა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აიღო.
ილია დარჩიაშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ამაშუკელი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები