საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობისა და სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა“ „ადგილობრივი თვითთმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა გამართა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქების მერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლები ესწრებოდნენ. პროექტი თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვას ითვალისწინებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ისეთი ფორმა, როგორიცაა სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრება, რომელიც დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. ამასთან, კანონპროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავალდებულებს: განიხილოს საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს განცხადებები, მოთხოვნები და აცნობოს მას განხილვის შედეგების შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამგეობასთან/მერიასთან, როგორც სათათბირო ორგანოსთან, სამოქალაქ ომრჩეველთა საბჭო ყალიბდება. პროექტში ახლებურადაა წარმოდგენილი პეტიციის წარდგენის წესი,მნიშვნელოვნად უმჯობესდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტებიც. წარმოდგენილი კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა, თუმცა მასში ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შენიშვნებია გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები