ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 11 ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატი გასაუბრების შემდეგ ვერ შეარჩიეს.
დაწუნებულ კონკურსანტებს შორის „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წევრიც აღმოჩნდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით,"რესპუბლიკური პარტია" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოში უჩივლებს. საქმე ეხება ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, "რესპუბლიკური პარტიის" წევრები ნათია ქინქლაძე და ნინო ბიჩინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლდნენ.
როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ზაქარია ქინქლაძემ განაცხადა, ბექა ბაიდაურმა ნინო ბიჩინაშვილი და მისი შვილი ნათია ქინქლაძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვა. ქინქლაძის მტკიცებით, ბაიდაურმა გათავისუფლების გადაწყვეტილება ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის მითითებით მიიღო.
ზურაბ ზვიადაურის მიერ პროცესების მართვაზე საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ირწმუნება, რომ ახმეტაში თანამდებობებზე კანდიდატები პარტიული ნიშნით ირჩევიან, რითაც "რესპუბლიკელები" იჩაგრებიან. მათი თქმით, "მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს თბილისშიც და სხვა რაიონებშიც".
"რესპუბლიკური პარტიის" წევრების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ახმეტის გამგებელი. ბექა ბაიდაური ამბობს, რომ საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ ორივე კონკურსანტი გასაუბრებაზე დაიწუნა და მის ბრძანებას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ სიმპათიებთან.
თავად ზვიადაური ზაქარია ქინქლაძეს ინტრიგანს უწოდებს და დაპირისპირების მიზეზსაც ვერ ხსნის.
"ზაქრო ქინქლაძე ერთი ინტრიგანი ადამიანია. მაგის შვილი გამგეობაში მუშაობდა და როგორც ყველა, ისიც მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა გასაუბრება ვერ გაიარა. ან "რესპუბლიკელი" რა შუაშია, ან მე რა შუაში ვარ?! ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს მუნიციპალიტეტის და გამგეობის გადასაწყვეტია და საკადრო ცვლილებებში არ ვერევი.
ვიღაცას თუ სურს, ზვიადაურს შეაწმინდოს ხელი, ეს სხვა თემაა. რომელი მეგობარი და ნათესავი დავნიშნე?! ახმეტაში ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. აქამდე ორი წელი ხომ მუშაობდა და თუ მინდოდა, "რესპუბლიკელობის" გამო მაშინ ვერ გავუშვებდი?! ასე ნებისმიერ რამეზე შეედავები ადამიანს.
არაჩვეულებრივი, ნორმალური დამოკიდებულება მაქვს დავით უსაფაშვილთან და თინა ხიდაშელთან, ბევრ "რესპულიკელთან" ვმეგობრობ. ქინქლაძე მებრძვის და რა უნდა, ვერ გავიგე,"- აცხადებს ზვიადაური.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის თვითმმართველობაში 77 ვაკანტურ თანამდებობაზე 118-დან 66 კანდიდატი შეირჩა.
მასალის გამოყენების პირობები