მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ჩუმლაყისა და ვაჩნაძიანის დეპუტატებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა გააპროტესტეს. როგორც ისინი ამბობენ მათ მიერ წარდგენილი არც ერთი პროექტი არ შეირჩა.
რაიონიდან წარდგენილი 18 პროექტიდან, მხოლოდ ცამეტი დაფინანსდა, რაც ძირითადად ჭაბურღილების და გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს. მოთხოვნილი 7 მილიონი ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 3 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო.
"საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აქცენტი ძირითადად წყლებზე გაკეთდა. დეპუტატები უკმაყოფილოები დარჩნენ. როდესაც სია უნდა შეედგინათ გვითხრეს, პრიორიტეტები ჩამოწერეთო. 5 თუ 6 დავწერე. მერე გვითხრეს კიდევ შეგვემცირებინა. ამ შემცირება შემცირებაში, მარტო სასაფლაოს გზა დავტოვე- ეს იყო 530 ათასლარიანი პროექტი. ეხლა თქვეს, რომ 18 დან 13 დაფინანსდაო. დარწმუნებული ვარ, ჩემი სოფლის პრობლემა ამ ჩამონათვალში არ მოხვდა. სასაფლაოს გზის გაკეთება აუცილებელი იყო, რადგან იქ დადის, ჩუმლაყელიც, გურჯაანელიც, თბილისელიც და სხვა. ყველას ყველაფერი უფინანსდება, ჩვენს გარდა. რადგან ოპოზიციაში ვარ, ამიტომ უნდა დამჩაგრონ? ესეთი მიდგომები არ შეიძლება, ასე ფონს ვერ გავალთ." -აღნიშნა ჩუმლაყის დეპუტატმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების"- წევრმა გია შაოშვილმა.
უკმაყოფილება გამოთქვა, სოფელ ვაჩნაძიანის დეპუტატმა ზურა სიმონიშვილმაც.
" პრეტენზია კი არ მაქვს, რომ სხვა სოფლები ფინანსდებიან, მე ჩემი პატარა სოფლით ვარ დაინტერესებული. ჩამონათვალში მითითებული მქონდა გზები, ჭაბურღილები და სხვა. ჭაბურღილზე გვითხრეს ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაგისვამთო, დანრჩენი კი არ ვიცი, როგორ გადაწყდება."
საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილება ფინანსთა სამინისტროდან ჩამოსულმა ნომერ 39-მა განკარგულებამ გამოიწვია. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით მხოლოდ 13 პროექტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო თანხა 86 ათას ასი ლარი დამტკიცდა.
მასალის გამოყენების პირობები